ღია საზოგადოების ფონდში საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ახალი წესი ინერგება

14 იან, 2019

2019 წლის 22 იანვრიდან ღია საზოგადოების ფონდი საგრანტო განაცხადის ონლაინ ფორმით მიღებაზე გადადის. ახალი წესის მიხედვით, ელექტრონული განაცხადის შევსება და გამოგზავნა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ფონდის ვებგვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

საგრანტო განაცხადი ექვსი მუხლისგან შედგება, რომელიც უზრუნველყოფს სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას პროექტისა და განმცხადებლის შესახებ. საგრანტო განაცხადის ველები კონკრეტული რაოდენობის სიტყვა-სიმბოლოებით არის შეზღუდული. შესაძლებელია მხოლოდ სრულად შევსებული და კონკრეტული პროგრამის შესაბამისი განაცხადის რეგისტრაცია.

იცვლება რეკომენდატორთაგან ინფორმაციის მიღების ფორმაც. პროექტის და განმცხადებლის შესახებ წერილობითი რეკომენდაციის ნაცვლად, სავალდებულოა რეკომენდატორთა სახელებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. პროექტის რეგისტრაციისთანავე, რეკომენდატორის ველში მითითებული პირები მიიღებენ შეტყობინებას რეკომენდატორად დასახელების შესახებ. ფონდი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს რეკომენდატორს და გამოითხოვოს ინფორმაცია მისთვის მისაღები ფორმით.

სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი, უწინდებურად, განაცხადის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ონლაინ განაცხადს თან ერთვის ორივე დოკუმენტის ნიმუში, რომელთა ჩამოტვირთვა, შევსება და ატვირთვა შესაძლებელია განაცხადზე მუშაობის პროცესში. სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის ექსელის დოკუმენტში მოწოდებული აქტივობების დასახელებები პირობითია, შესაბამისად, უნდა შეივსოს წარმოდგენილი პროექტის საჭიროების შესაბამისად.

ონლაინ განაცხადის შევსების პროცესში განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს:

  • გადახედოს, გადაამოწმოს და სურვილის შემთხვევაში ამობეჭდოს განაცხადი რეგისტრაციამდე;
  • შეინახოს ნაწილობრივ შევსებული დოკუმენტი და მასზე მუშაობა მოგვიანებით განაგრძოს;
  • შენახულ  ელექტრონულ  განაცხადს განმცხადებელი მის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებს ბმულის სახით, რომელიც მას განაცხადის ონლაინ ვერსიაზე გადაამისამართებს.

დასრულებული საპროექტო განაცხადის გაგზავნის შემდეგ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე განმცხადებელი მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ, სარეგისტრაციო ნომერს და ბმულს, რომელიც მას PDF ფორმატში რეგისტრირებულ განაცხადზე გადაამისამართებს. ბმულს თან არ ერთვის შევსებული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი, რადგან ეს დოკუმენტები თავად განმცხადებლის მიერაა მოწოდებული. სრულად შევსებული და შინაარსობრივად გამართული პროექტი განსახილველად გადაეცემა დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიას, პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საბოლოო გადაწყვეტილებას კი აღმასრულებელი საბჭო იღებს.

პროექტის თაობაზე გადაწყვეტილებას განმცხადებელი მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე განაცხადის რეგისტრაციიდან 8-10 კვირის ვადაში მიიღებს.

გრაფიკული ვიდეო ინსტრუქცია განმცხადებლებს ონლაინ განაცხადის შევსებაში დაეხმარება.

მეტი ინფორმაციისთვის ფონდის პროგრამულ  პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ეწვიეთ პროგრამების გვერდს ან დაესწარით კონსულტაციას.

საგრანტო განაცხადების მიღების მიმდინარე წესი იხილეთ აქ.