სივრცით კოდექსში მიღებული ცვლილებები, ბათუმში ქაოტური განაშენიანების მასშტაბს გაზრდის

25 ივნ, 2022

საქართველოს პარლამენტმა, 2022 წლის 23 ივნისს, დაჩქარებული წესით, ორდღიანი განხილვის შედეგად, მიიღო ცვლილებები საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში.  

ცვლილებების განხორციელების პროცესს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად ჩვენ მიერ გამოთქმული მწვავე კრიტიკისა, კანონპროექტის საბოლოო ტექსტი მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა. საქართველოს პარლამენტს არ გაუთვალისწინებია სამოქალაქო ორგანიზაციების მოთხოვნა განხილვაში ჩართვის შესახებ და კანონპროექტის საბოლოო ვერსია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობის გარეშე, მათი არგუმენტების გვერდის ავლით დამტკიცდა მესამე მოსმენაზე.  

კანონპროექტის საბოლოო ვერსიით კვლავ არის შესაძლებელი ბათუმში, თვითნებური, საჯარო ინტერესთან შეუთავსებელი და დაუსაბუთებელი სამშენებლო ნებართვებისა თუ ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის დამტკიცება. 

მაღალია დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილების რისკები – თავდაპირველად ინიცირებული ტექსტისგან განსხვავებით, სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტების, ასევე კანონით დადგენილი სამშენებლო რეგულაციების გვერდის ავლით მშენებლობის ნებართვების გაცემისა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების უფლება, ბათუმის მერს, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში ექნება, ხოლო, საბოლოოდ გადაწყვეტილებას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაამტკიცებს. გადაწყვეტილების მიმღებთა გამრავალფეროვნება მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებს, რადგან საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სათათბირო საბჭოს შემადგენლობას ერთპიროვნულად ამტკიცებს ბათუმის მერი, ხოლო საქმიანობის წესს განსაზღვრავს ბათუმის საკრებულო. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის განხორციელების პროცესში, მერს არ დასჭირდება კოეფიციენტების გადამეტების გადაწყვეტილების საკრებულოსთან შეთანხმება. ამ გზით, კანონმდებელმა ერთი მხრივ ფორმალური შეზღუდვა დაუწესა მერს, იქვე კი მისცა საშუალება ამ შეზღუდვისგანაც თავის ასარიდებლად. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილებებით დადგენილი მთელი რიგი პირობები, რომელთა დასაბუთების შემთხვევაშიც ხდება შესაძლებელი კოეფიციენტების ზრდა და სამშენებლო რეგულაციებისგან გადახვევა (გადაწყვეტილებით მიღებული ზიანის კომპენსირება, საჯარო ინტერესთან წინააღმდეგობის აღმოფხვრა და სხვა), ვერ იქნება თვითნებური გადაწყვეტილების მიღების ბარიერი. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ქალაქგეგმარებისა და სამშენებლო სფეროში მიღებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები, როგორც წესი არ მოიცავს რაიმე დასაბუთებას საჯარო ინტერესთან წინააღმდეგობის აღმოფხვრის შესახებ; მეტიც, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი წინააღმდეგობის არსებობა, წლების განმავლობაში თითქმის არასდროს გამხდარა მასშტაბური პროექტების მშენებლობის ნებართვებზე უარის თქმის საფუძველი. 

მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი გამონაკლისის დაშვების უფლება, ბათუმის მერს ეძლევა მიუხედავად, ბათუმის მუნიციპალიტეტში, გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესისა. კანონპროექტის დათქმით, მერს შეეძლება სამშენებლო კოეფიციენტების თვითნებური გადამეტება გენერალური გეგმის დამტკიცებამდე (არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა). საგამონაკლისო წესით სარგებლობის ვადის  არაგონივრული გახანგრძლივება, ერთის მხრივ, აჩენს ეჭვებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ უფლებით მაქსიმალური ვადით სარგებლობის მიზნებისათვის, შესაძლოა გახანგრძლივდეს გენერალური გეგმის დამტკიცება. მეორე მხრივ, აღნიშნული უფლებამოსილების მერისთვის მინიჭებით, კანონმდებელი წინასწარ უკარგავს ძალასა და მნიშვნელობას ბათუმის მომავალ გენერალურ გეგმას, რადგან მერს აძლევს უფლებას, დაამტკიცოს იმ რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები, რაც მომავალი გენ გეგმის შედგენის პროცესში შესაძლოა გაითვალისწინონ სპეციალისტებმა. 

ფართოა და არაერთ შემთხვევას ერგება კანონპროექტით განსაზღვრული ჩამონათვალი, სადაც საგამონაკლისო წესის გამოყენება ხდება შესაძლებელი  

ცვლილების თანახმად, კანონის დანაწესისგან თავის არიდება, ბათუმის მერს შეუძლია კონკრეტულ შემთხვევებში (ავარიული სახლების ჩანაცვლება, კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დახმარება). თუმცა, კანონი იქვე აწესებს პირობას, რომ კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელი იქნება როგორც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების, ისე განსაკუთრებული სახელმწიფო ან მუნიციპალური საჭიროებისას. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ პირობის გამოყენება, შესაძლებელია, ნებისმიერი მშენებლობის განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფო ან მუნიციპალურ საჭიროებად ნებისმიერი ფორმისა და შინაარსის ინვესტიციის განხორციელება არის ხოლმე მიჩნეული.  

უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის პრობლემის მოგვარების საბაბით, სპორადულად, კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები არ ემსახურება უსახლკარობის უმწვავესი პრობლემის მოგვარებას, არამედ, ბიზნესის ინტერესის გამო საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებაა, რომელიც მერის დისკრეციის ფარგლების გაფართოებით, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის სტანდარტების დავიწროებით, სამშენებლო ბიზნეს წრეებთან, ჩაკეტილ, კარს მიღმა მოლაპარაკების პრაქტიკას გააძლიერებს და საბოლოოდ გაანადგურებს სივრცით და ეკოლოგიურ მდგომარეობას ბათუმში.  

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) 
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი