ღირსეული შრომის პლატფორმა სასწრაფოს ექიმების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს

20 იან, 2023

ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, სოლიდარობას უცხადებენ სასწრაფოს ექიმების პროტესტს, რომელიც მერვე თვეა გრძელდება და სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მწვავდება;

ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა და გაძვირებული საცხოვრებელი პირობების გამო,  სასწრაფოს ექიმებისა და მძღოლების ხელფასი, რომელიც მძიმე და სისტემატური მორიგეობების შედეგად, 1300 ლარს თუ აღწევს, სრულიად არაადეკვატურია, დასაქმებულთა პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ ადამიანების შრომაზე, კი უამრავი სხვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული.

2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, სასწრაფოს ექიმების პროტესტს, სადაც ისინი უმძიმესი შრომის ნაცვლად, ღირსეულ ანაზღაურებასა და ხელფასის ზრდას ითხოვდნენ, სახელმწიფოს მხრიდან ადექვატური რეაგირება არ მოჰყოლია. სახელმწიფომ სასოწარკვეთილ მშრომელებს, მხოლოდ მათი საბაზისო შრომის უფლებების მომავალში დაცვის, მათ შორის, ზეგანაკვეთიური შრომის ანაზღაურების პირობით  უპასუხა და მანიპულაციურად, ზოგიერთი საექიმო პოზიციის დარიცხული (გადასახადის ჩათვლით) ხელფასის საფუძველზე, სასწრაფოს ექიმების ანაზღაურების საკმარისობაზე მიუთითა.

სახელმწიფოს მხრიდან ამგვარმა მიდგომამ, კიდევ უფრო გაამწვავა პროტესტი. ექიმები და მძღოლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ღამეს ათევენ იმ იმედით, რომ სახელმწიფო პროტესტის რადიკალური ფორმების მიმართ მაინც გამოიჩენს ყურადღებას.

ღირსეული შრომის პლატფორმა მხარდაჭერას უცხადებს პროტესტში მონაწილე ექიმებს; ჩვენი წევრი ორგანიზაციები წლების განმავლობაში, პოლიტიკის დღის წესრიგში აყენებენ სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების, ექიმებისა და ექთნების შრომით დარღვევებს, მათი, როგორც წინა ხაზის მშრომელთა, ისედაც რთულ პირობებს, არაადექვატურად დაბალ ხელფასებს,რის გამოც:

 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: უზრუნველყონ სასწრაფოს ექიმებისა თუ მძღოლების სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ღირსეული ანაზღაურების დანიშვნასთან დაკავშირებით!

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ღია საზოგადობის ფონდი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • სოლიდარობის ქსელი