24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

24 მარ, 2019

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ტუბერკულოზი განკურნებადი ინფექციური დაავადებაა, რომლის დამარცხება შესაძლებელია სწორი მკურნალობით. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე რჩება ინფექციური დაავადებებით სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ტუბერკულოზით ყოველდღიურად ავადდება 30 000 და იღუპება 4 500 ადამიანი.

განსაკუთრებულ ტვირთს წარმოადგენს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი, როცა დაავადება აღარ ემორჩილება პირველი რიგის მედიკამენტებს და საჭიროებს უფრო ხანგრძლივ და ძვირადღირებულ მკურნალობას. რეზისტენტულობა შეიძლება გამოიწვიოს არასრულმა და/ან არასწორმა მკურნალობამ, ან მკურნალობამ დაბალი ხარისხის მედიკამენტებით.

საყურადღებოა, რომ მკურნალობის დაწყებიდან მალევე პაციენტი თავს უკეთ და ჯანმრთელად გრძნობს, თუმცა იმისთვის, რომ დაამარცხო ტუბერკულოზი აუცილებელია მკურნალობის სრული კურსის გავლა უწყვეტად და რეჟიმის სრული დაცვით!!! კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მოიცავს მინიმუმ 6 თვეს და შეიძლება გაგრძელდეს 24 თვემდე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ტუბერკულოზის რიფამპიცინის მიმართ რეზისტენტული ფორმის 558 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის 82% იყო მულტირეზისტენტული. საქართველოში 2017 წლის მდგომარეობით ტუბერკულოზის 2 927 შემთხვევა იყო აღრიცხული, ხოლო რეზისტენტული ფორმა (MDR/RR-TB) გამოვლინდა საშუალოდ 400 პაციენტში.

2015 წლიდან საქართველოში უკვე იყო ხელმისაწვდომი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წლიური ანგარიშის თანახმად, 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, მეორე რიგის მედიკამენტებით მკურნალობდა 406 ბენეფიციარი, მათგან 246 პაციენტს დაენიშნა ბედაქილინი და 65 პაციენტს – დელამანიდი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მეორე რიგის მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება გლობალური ფონდის დახმარებით.

ამავდროულად, როგორც მეორე რიგის სამკურნალო პრეპარატები, აღნიშნული მედიკამენტები ეროვნული პროტოკოლით მხოლოდ D ჯგუფშია შეტანილი, როგორც „დასამატებელი მედიკამენტი“, ბედაქილინი და დელამანიდი მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო ძირითადი რეჟიმის ნაწილად არ განიხილებიან.

საყურადღებოა, რომ ჯანმოს 2018 წლის მონაცემებით, საერთაშორისო დონორების დახმარების მიუხედავად, ტუბერკულოზის დაფინანსებისთვის საჭირო ბიუჯეტის დეფიციტი 27% შეადგენდა (საერთო ბიუჯეტი იყო 19 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს წილი ტუბერკულოზის დაფინანსებაში – 32%, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წილი – 40%);

პარალელურად  გლობალური ფონდის წილი შესყიდვებში ყოველწლიურად იკლებს, ხოლო სახელმწიფოს წილი იზრდება. შესაბამისად, თუ არ მოხდება სათანადო ზომების მიღება პრეპარატების მაღალი ფასი სავარაუდოდ გახდება მნიშვნელოვანი ტვირთი ეროვნული ბიუჯეტისთვის და დაბრკოლება პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

მოცემულ ვითარებაში საინტერესოა ინდოელი აქტივისტების ინიციატივა – მათ მიერ პატენტ ოპოზიციის წარდგენის ფაქტი ინდოეთის საპატენტო უწყებაში და ბედაქილინის წარმოებაზე Johnson&Johnson–ის მონოპოლიის გაპროტესტების მცდელობა.   ოპოზიცია ეხება Johnson&Johnson–თვის პატენტის გაცემას ბედაქილინის ფხვნილის წარმოებაზე. პატენტის მოქმედების შემთხვევაში  Johnson&Johnson–ის მონოპოლია 2023 წლის მაგივრად 2027 წლამდე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გენერიული მედიკამენტების წარმოება ოთხი წლით გადაიწევს. პატენტზე უარი კი ტუბერკულიოზის სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას ბაზარზე შემოიტანონ გენერიული მედიკამენტები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წამლის ფასს და გაზრდის ხელმისაწვდომობას.

ტუბერკულოზი განკურნებადია! მედიკამენტის მაღალი ფასი არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას პაციენტისთვის მიიღოს ეფექტური და ხარისხიანი მედიკამენტები!!