ღია საზოგადოების ფონდის საქართველოში საქმიანობა ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადოების განვითარების 25 წლიანი ისტორიაა.

საქართველოს ადგილობრივი ფონდი ცნობილი ფილანტროპის და ბიზნესმენის ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ღია საზოგადოების ფონდების წევრი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 1994 წელს ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით, ქართველი მეცნიერების დახმარებით, ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებით დაიწყო. ფონდის სტრატეგია ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე იქმნებოდა. დაარსების დღიდან 2018 წლამდე ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსება 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება  ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას, მედიის დამოუკიდებლობას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, რეფორმების განხორციელებას ჯანდაცვის სფეროში და სოციალურ თანასწორობას.  იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

ახლადშექმნილი  ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების და აქტიური მოქალაქეების მხარდაჭერით, ადვოკატირების კამპანიების, საგანმანათლებლო ინიციატივების, პუბლიკაციებისა და სადისკუსიო სივრცეების წახალისებითა და ორგანიზებით,  ფონდმა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეძლო.

კამპანიები, კოალიციები და პარტნიორობა

ბოლო წლების მანძილზე ღია საზოგადოების ფონდი რამდენიმე კამპანიის ინიციატორი და მხარდამჭერი იყო. მათ შორისაა კამპანიები „ეს შენ გეხება“ და  „თვითმმართველობის დროა“, ასევე ადვოკატირების კამპანიები ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისა და ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისთვის.

ფონდი არის აქტიური წევრი სხვადასხვა დარგობრივი კოალიციებისა ისეთი, როგორიც არის კოალიცია თანასწორობისათვის, კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია და სხვა.

პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად  ფონდმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და დღემდე აგრძელებს დაკვირვებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაზე.

ფონდის ინიციატივით საარჩევნო დღეებში მოქმედი მედიაცენტრი ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ მედიამ და საზოგადოებამ არჩევნებზე დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციებისგან უწყვეთ რეჟიმში მიიღოს ობიექტური ინფორმაცია არჩევნებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ფონდის საქმიანობამ კერძო-საჯარო პარტიორობის მნიშვნელოვანი მაგალითი შექმნა, რომლის შედეგია პირველი ბავშვთა ჰოსპისის დაარსება საქართველოში.

ათი ფაქტი ღია საზოგადოების ფონდის საქმიანობის შესახებ (1994-2018)

  1. საქართველოდან 1200-ზე მეტმა ახალგაზრდამ ღია საზოგადოების ფონდის სტიპენდიით დასავლეთის უნივერსიტეტებში მიიღო განათლება. ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობა მიიღო 700-ზე მეტმა ექიმმა
  2. მედიის დამოუკიდებლობის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის ფონდს დაახლოებით 8 მილიონი აშშ დოლარი აქვს დახარჯული. დღეისათვის წამყვანმა ონლაინ გამოცემებმა და რეგიონული მედია ორგანიზაციების უმეტესობამ ფონდის პირველი გრანტით დაიწყეს საქმიანობა
  3. ფონდის დამსახურებაა Microsoft-ისთვის ქართული ანბანის პირველი შრიფტის, პირველი ქართული ვებგვერდებისა და ქართულ უნივერსიტეტებში პირველი უფასო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის გაჩენა, რისთვისაც 1996 წელს დაიხარჯა 1 მილიონი აშშ დოლარი
  4. საქართველოში საქმიანობის პირველივე წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის ფონდმა 1.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყო, რის შედეგადაც შენარჩუნებულია  საეკლესიო-სამონასტრო მხატვრობა და ფრესკები,  გამაგრებულია ტაძრები და შექმნილია ელექტრონული არქივები
  5. 1999 წლიდან ფონდმა საქართველოში ქრონიკული და განუკურნებელი დაავადების მქონე ადამიანებისთვის პალიატიური მზრუნველობის დანერგვა დაიწყო. 2017 წელს გახსნა პირველი ბავშვთა ჰოსპისი საქართველოში. წლების მანძილზე მხარს უჭერდა ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე და ფერისცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლში არსებულ ჰოსპისებს.
  6. 2005 წლიდან, ფონდისა  და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების  სამსახური  შეიქმნა, რომელიც ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ ადამიანს უფასოდ ეხმარება. 2018 წლიდან ფონდმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყეს უფასო იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის
  7. 2011 წელს ფონდმა,  C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის ადვოკატირების კამპანია დაიწყო.  პარტნიორების, სათემო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადვოკატირების კამპანიაში აქტიური მოქალაქეების ჩართვისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელება ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაიწყო, შემდეგ კი მთელი ქვეყანა მოიცვა, რომლის მოსარგებლე საქართველოს 40 000-ზე მეტი მოქალაქეა
  8. 2012 წელს საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ფონდის ძალისხმევით ციხეებში პატიმართა წამების კონტექსტისა და სისტემურობის შესწავლა მოხდა. პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთნენ. ეს კვლევა ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს ციხეებში 2003-2013 წლებში არსებულ ვითარებას აფასებს.
  9. დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დაშლის შემდეგ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ალტერნატიული მომსახურების შეთავაზება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. ფონდის დამსახურებით, საქართველოში შეიქმნა სათემო (ბინაზე) ფსიქიატრიული მომსახურება, რომელმაც 90 პროცენტით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
  10. საქართველოში უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის საკითხი წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა. 2017 წელს, ფონდის დაფინანსებით უსახლკარობის მიზეზებისა და საბინაო პოლიტიკის შესახებ პირველი კვლევები ჩატარდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ სახელმწიფოს საკითხის შესახებ მუშაობა დაეწყო. 2018 წელს, ფონდის ადვოკატირების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა

ისტორია

ღია საზოგადოება და ჯორჯ სოროსი

“ღია საზოგადოების ფონდების” ქსელის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ცნობილი ფილანტროფი და ბიზნესმენი ჯორჯ სოროსია. მან ფილანტროფიული საქმიანობა 1979 წელს სამხრეთ აფრიკაში დაიწყო. მას შემდეგ, ღია საზოგადოების განვითარებისთვის ჯორჯ სოროსმა 32 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ღია საზოგადოების ფონდები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში საქმიანობს.

2017 წელს ჯორჯ სოროსმა “ღია საზოგადოების ფონდებს” დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი გადასცა. ამ გადაწყვეტილებით, ღია საზოგადოების ფონდები აშშ-ში მეორე ყველაზე დიდი ფილანტროპული ორგანიზაცია გახდა.

2018 წელს გააქტიურებული ანტილიბერალური თავდასხმების ფონზე, ბრიტანულმა გამოცემა Financial Time-სმა ჯორჯ სოროსი ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადოების ღირებულებების დაცვისთვის წლის ადამიანად დასახელდა.

ღია საზოგადოების ფონდის მიერ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნათარგმნი და გამოცემული  ჯორჯ სოროსის “ჩემი ფილანთროპია”.

 

ჩვენი გუნდი

აღმასრულებელი საბჭო ღია საზოგადოების ფონდის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომელიც ფონდის სტრატეგიულ მიმართულებებსა და პოლიტიკას განსაზღვრავს. საბჭო დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროში კომპეტენციის მქონე წევრებით. მათი არჩევა 2 წლის ვადით, ხელახალი არჩევის შესაძლებლობით ხდება. საბჭოს თავმჯდომარე ოთხ წელიწადში ერთხელ იცვლება.

ფონდის ხელმძღვანელობა და  გუნდის წევრები აქტიური მოქალაქეები არიან, რომლებიც ადამიანებისთვის ღირსეული, სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნაზე ზრუნავენ. ზოგიერთ მათგანს სამოქალაქო აქტივიზმის მდიდარი ისტორია აქვს, რაც ღია საზოგადოების ღირებულებებზე დაყრდნობით ხშირად ფონდისგან დამოუკიდებლადაც ხორციელდება.

ღია საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელობის მიდგომა საკუთარი გუნდის წევრების მიმართ ისეთივეა, რის დამკვირდებასაც  თავად ცდილობს ქვეყანაში. ეს არის განსხვავებული აზრის მოსმენა და პატივისცემა, თანამშრომლების ჩართვა სხვადასხვა საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.