ფსიქოლოგის როლი დაზარალებული და მოწმე არასრულწლოვნების გამოკითხვისას

20 იან, 2020

20 იანვარს  ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც გამოძიების ეტაპზე დაზარალებული და მოწმე ბავშვების გამოკითხვისას ფსიქოლოგთა ჩართულობას ეხება. კვლევა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.

კვლევის შედეგები მოწმე და დაზარალებული ბავშვებისთვის ფსიქოლოგის მომსახურების გაწევის პრაქტიკის და ადგილობრივი კანონმდებლობის ანალიზს გვთავაზობს, რომელიც  საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან არის შედარებული.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფსიქოლოგების ჩართვის თაობაზე ბუნდოვანია, მათ არ იციან კონკრეტულად რა არის მათი ფუნქცია ამ პროცესში. მიუხედავად საჭიროებისა, ფსიქოლოგის მომსახურება ყველგან ხელმისაწვდომი არ არის და ფსიქოლოგთა კვალიფიკაცია არ პასუხობს არსებულ საჭიროებებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, გარემო არ არის მორგებული ბავშვზე (ინფრასტრუქტურა, ინვენტარი) და ბავშვების კონფიდენციალობა დაკითხვის პროცესში სისტემატიურად ირღვევა.

კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ფსიქოლოგები, მიუხედავად უწყებისა, დაკითხვის პროცესში მონაწილეობისას არანაირ დამატებით ანაზღაურებას არ იღებენ, ეს მათ ფუნქციებში საერთოდ არ შედის. შესაბამისად, ეს ამ სფეროში მუშაობის დაბალ მოტივაციას განაპირობებს.

ამ მიგნებების საფუძველზე, შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც ასახულია კვლევაში და რეაგირებისათვის მიეწოდება ყველა შესაბამის უწყებას.

ფსიქოლოგთა როლი გამოძიების … by OSGF on Scribd

ამავე თემაზე:

გამომძიებლების პირისპირ დარჩენილი მოზარდები – რას ყვებიან ფსიქოლოგები?– რადიო “თავისუფლება”