ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება პრაქტიკაში

1 ნოე, 2019

1 ნოემბრიდან ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო მოხელეებისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობენ აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ტრენინგს წინ უძღვოდა კვლევა იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება პრაქტიკაში კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. რამდენად გააზრებული აქვთ თანასწორობის პრინციპები საჯარო მოხელეებს და როგორ ახერხებენ ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში და კონკრეტულ კონტექსში თანასწორობის პრინციპის დაცვასა და დისკრიმინაციის შემთხვევების აღკვეთას.

კვლევა და ტრენინგი არის ნაწილი პროექტისა,  რომელსაც ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანი, რა თქმა უნდა, საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და განსაკუთრებით „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობაა.

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები ადამიანის უფლებების სფეროში და საქართველოს კანონმდებლობა თანასწორობის უმნიშვნელოვანეს გარანტიებს შეიცავს. 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულმა კანონმდებლობამ დამატებით უმნიშვნელოვანესი ბერკეტი შეიძინა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თუმცა, რეალური ეფექტისთვის გადამწყვეტია, როგორ სრულდება მძლავრი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორია ამ კანონმდებლობის და მისი მოთხოვნების აღქმა ინდივიდუალური თანამდებობის პირების მხრიდან, როგორია სასამართლოს მზაობა, განმარტონ თანასწორობის ხშირად რთული მოთხოვნები და რეალური ძალა შესძინონ თანასწორობის საკანონმდებლო გარანტიებს.