არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოს შინმოვლის პროგრამის შექმნისკენ მოუწოდებენ და ხედვას სთავაზობენ

30 მარ, 2022

30 მარტს,  ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრმა შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის ხედვა წარმოადგინა.

პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეფექტური, ორგანიზებული შინმოვლის მომსახურების საჭიროება.  დღესდღეობით, ქვეყანაში არსებული შინმოვლის ტიპის მომსახურება ფრაგმენტული და არაორგანიზებულია და პანდემიით, თუ სხვა ფაქტორებით შექმნილ გამოწვევებს ვერ პასუხობს.  შინმოვლის სხვადასხვა შინაარსის მომსახურებები საქართველოს 28 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. აქედან, უმეტესობა კერძო ინიციატივებით და დონორთა დახმარებით ფინანსდება, რიგ შემთხვევებში მომსახურების ნაწილს ფარავს მუნიციპალური პროგრამები. შინმოვლის ტიპის მომსახურებას სრულად აფინანსებს მხოლოდ ოთხი მუნიციპალიტეტი- ბოლნისი, ზუგდიდი, ტყიბული და ფოთი. ეს მომსახურებები მოიცავს ბინაზე ჯანდაცვის და სოციალური ტიპის მომსახურებების მიწოდებას, რომელიც უფრო ვიწრო, სპეციალიზებული ტიპისაა.

ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე კარგად შინმოვლის მომსახურება ორგანიზებულია ქ. თბილისში, სადაც შინმოვლის მომსახურება პილოტური პროექტების ფარგლებში 2012 წლიდან დაიწყო შინმოვლის კოალიციის ტექნიკური დახმარებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ხედვა ეყრდნობა საერთაშორისო და საქართველოში შინმოვლის მომსახურებაში დაგროვილ გამოცდილებას და ითვალისწინებს ქვვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების არსებულ თავისებურებებს. შემოთავაზებული მოდელით, შინმოვლის მომსახურების გაწევისას წამყვანი როლი ეკისრება პირველადი ჯანდაცვის რგოლს და მოიაზრებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული შინმოვლის მომსახურების ინტეგრირებას საყოველთაო ჯანდაცვაში, მომსახურების დროულობას და ფინანსურ ხელმისაწვდომობას; შეესაბამება ინტეგრირებული ზრუნვის მოდელს და ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას.

შინმოვლა გულისხმობს პაციენტისთვის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში ჯანმრთელობის მდგომარების შენარჩუნება, გაუმჯობესება და ხელშეწყობა, ადაპტაციური შესაძლებლობების განვითარება და დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შინმოვლის მომსახურების მიწოდების გზით.

მედია ამ თემაზე