არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში

17 თებ, 2020

18-21 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენენ.

ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრიუსელში ადვოკატირების ვიზიტზე მიემგზავრება. ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 6 წლის წინ მოეწერა. მას შემდეგ ღია საზოგადოების ფონდი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება და ამზადებს ალტერნატიულ ანგარიშს დღის წესრიგის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ. მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია ყოველ წელს ტარდება საქართველოში და ბრიუსელში.

ვიზიტის მიზანია ევროპარლამენტის, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის და ევროკავშირში აკრედიტებული წევრი ქვეყნების მისიების წარმომადგენლებისთვის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანების მონიტორინგის შედეგების გაცნობა. ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის და გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს. ასევე, საუბარი იქნება არჩევნების თემაზეც.

ვიზიტი 18 თებერვალს, 09.30 საათზე, ევროპული დემოკრატიის ფონდში (European Endowment for Democracy) საქართველოსადმი მიძღვნილი საჯარო ღონისძიებით დაიწყება. ღონისძიების სათაურია: ბრძოლა დემოკრატიისთვის საქართველოში და მისი გავლენა ევროინტეგრაციაზე. დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ანდრეს კუბილიუსია (ლიტვის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ამჟამად ევროპარლამენტის წევრი EPP-დან და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე).

ვიზიტში მონაწილეობენ  შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი: ვანო ჩხიკვაძე და სოფო ასათიანი, მწვანე ალტერნატივა: მანანა ქოჩლაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: გიორგი ონიანი, სამართლიანი არჩევნები: მიშა ბენიძე.

მედია ამ თემაზე:

იმედი ნიუსი – არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენენ, 16.02.2020

 
ფორმულა

მთავარი

რუსთავი 2