ბულინგის პრობლემატიკა მრავალფეროვან სასკოლო გარემოში

3 ივლ, 2019

მიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში ჩატარდა კვლევის  „ბულინგის  პრობლემატიკა  მრავალეროვან სასკოლო გარემოში“ პრეზენტაცია.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის დაფინანსებით პროექტის „ბულინგის  პრობლემატიკა  მრავალეროვან სასკოლო გარემოში“ ფარგლებში კვლევა მოამზადა ქალთა  უფლებების  სათემო ინიციატივამ გამოყენებითი კვლევების კომპანიასთან ARC-თან თანამშრომლობით.

პრეზენტაცია გახსნა ხათუნა იოსელიანმა, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა.  ნაშრომი  წარმოადგინეს  ქალთა  უფლებების  სათემო ინიციატივის ხელმძღვანელმა, ლილი საფაროვამ და მკვლევარმა, გამოყენებითი კვლევების კომპანიის ARC-ის დამფუძნებელმა, ხათუნა ნაჭყებიამ.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევით მოხდა ბულინგის  გავრცელებული ფორმების შესწავლა მოსწავლეთა შორის ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ საქართველოს რეგიონებისა და თბილისის  იმ სკოლებში, სადაც ერთად სწავლობენ ეთნიკურად ქართველი და არაქართველი მოსწავლეები. განისაზღვრა ბულინგის საკითხის  მიმართ მოსწავლეთა  და სკოლის თემის (ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები) დამოკიდებულება.

კვლევისას გამოყენებული  იქნა, როგორც  რაოდენობრივი ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდები.

რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული იქნა სტრუქტურირებული ანკეტა, ღია და დახურული კითხვებით. ანკეტა წარმოადგენდა თვითადმინისტრირებად ანკეტას, ხოლო გამოკითხვის მეთოდად არჩეული იქნა ანკეტირების მეთოდი.

თვისებრივი კვლევის მეთოდად, არჩეულ იქნა, ფოკუს-ჯგუფის დისკუსიის მეთოდი, ხოლო კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა, ფოკუს ჯგუფის სახელმძღვანელო.

რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის 19 საჯარო სკოლის მე-8- მე-12 კლასების მოსწავლეებთან. თითოეულ რეგიონში თვისებრივი კვლევა ჩატარდა 2 ფოკუს-ჯგუფთან: 1 მშობლების და 1 სკოლის ადმინისტრაციის მონაწილეობით.  სულ ჩატარდა 13 ფოკუს-ჯგუფი.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა:

  • მიუხედავად იმისა, რომ ბულინგის ტერმინის შესახებ უმეტესობას სმენია, ბულინგის შესახებ ინფორმირებულობა დაბალია, როგორც თბილისის, ისე რეგიონის სკოლებში.
  • ბულინგის აღმწერი ქცევების ჩამონათვალიდან ნაწილი, მოსწავლეთა და პედაგოგთა მიერ არ აღიქმება ბულინგად.
  • მოსწავლეთა უმეტესობა ცნობს ბულინგისთვის დამახასიათებელ ქცევას, თუმცა მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ თვლის, რომ დაცინვა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ბულინგს წარმოადგენს.
  • ყველაზე ხშირად მოსწავლეები, გარეგნული ნიშნების/მახასიათებლების და საპირისპირო სქესისთვის დამახასიათებელი ქცევის/ქმედების/ნიშნების გამოვლენის საფუძველზე  ახორციელებენ ბულინგს, ხოლო ყველაზე ნაკლებად – სქესის გამო.
  • მოსწავლეთა უმრავლესობა ერიდება პირდაპირ  პასუხებს ჩაგვრის შესახებ, თუმცა ირიბ კითხვებზე პასუხებით იკვეთება, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა შესწრებია ჩაგვრის შემთხვევას მის სკოლაში.
  • მოსწავლეების უმეტესობა, რომელთაც თავად განუცდიათ ჩაგვრა, ამის შესახებ არავის უყვება.
  • ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების მიმართ ქცევის უფრო მეტი სახეობა განხორციელებულა, რომელიც ბულინგისთვის არის დამახასიათებელი, ვიდრე ეთნიკურად ქართველების მიმართ.
  • ეთნიკურად არაქართველები უფრო ნაკლებად მიმართავენ ვინმეს  დასახმარებლად ჩაგვრის დანახვისას, ვიდრე ქართველი მოსწავლეები.
  • მოსწავლეთა უმოქმედების მიზეზი ჩაგვრის დანახვისას ქართველ და არაქართველ მოსწავლეებს შორის განსხვავებულია. ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები, ქართველ მოსწავლეებთან შედარებით, მეტად არაინფორმირებულები არიან, თუ რა უნდა გააკეთონ ჩაგვრის შესწრების შემთხვევაში.
  • ვაჟები უფრო ნაკლებად მიმართავენ ვინმეს დასახმარებლად ჩაგვრის დანახვისას, ვიდრე გოგონები. მოსწავლეთა უმოქმედების მიზეზი ჩაგვრის დანახვისას გენდერის მიხედვით განსხვავებულია. გოგონები მეტად არაინფორმირებულები არიან, თუ რა უნდა გააკეთონ ჩაგვრის შესწრების შემთხვევაში, და უფრო მეტად ფიქრობენ, რომ შედეგი არ ექნება ქმედებას, ვიდრე ვაჟები. ხოლო ვაჟები მეტად ფიქრობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ, ვიდრე გოგონები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სკოლების, სახალხო დამცველის აპარატის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მკვლევარებმა გასცეს კითხვებზე პასუხი, ხოლო დასასრულს გაიმართა დისკუსია.