2014 წელს ღია საზოგადოების ფონდს საქართველოში არსებობის 20 წელი შეუსრულდა.

საქართველოში საქმიანობა ფონდმა 1994 წელს ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით, ქართველი მეცნიერების დახმარებით, ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებით დაიწყო.

2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსება 80  მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 

1994-2017 წლებში ფონდმა დააფინანსა 5000-ზე მეტი პროექტი და საშუალება მისცა ათობით ქართულ ორგანიზაციას, საქმიანობა ფონდის ფინანსური დახმარებით დაეწყო.

ღია საზოგადოების ფონდმა 1200-ზე მეტ ახალგაზრდას საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა.

20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ეწვია და სტუდენტებს შეხვდა

გამოხმაურებები და მოგონებები ფონდის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში

ლექსო ხუბულავა:

დღეს ჯორჯ სოროსი თბილისშია და ამ საღამოს მის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე ვარ მიწვეული, რაც ჩემთვის დიდი პატივია. თუ მისთვის ორიოდე სიტყვის თქმის საშუალება მომეცემა, მინდა პირადად დიდი მადლობა გადავუხადო. რომ არა მისი ფონდის მიერ დაარსებული ინტერნეტ ცენტრი, ალბათ 16 წლის წინ jobs.ge-ს ვერ შევქმნიდი. 1998 წელს ეს იყო ერთადერთი ცენტრი თბილისში, სადაც ჩვეულებრივ მოკვდავს ინტერნეტის გამოყენება შეეძლო, წინასწარი ჩაწერით, კვირაში 1 საათი. ახლა ყველას უწყვეტი ინტერნეტი გვაქვს – სამსახურში, სახლში, ქუჩაში – ჰოდა დავაფასოთ

ნანა საჯაია:

2009 წელს ჭავჭავაძეზე ტაქსი გავაჩერე, ფონდში მივდიოდი გასაუბრებაზე, აკადემიური მხარდაჭერის სტიპენდიაზე მქონდა აპლიკაცია შეტანილი. ბელინსკის ასახვევს რომ მივუახლოვდით, ტაქსისტს ვუთხარი, მარჯვნივ აუხვიეთ და სოროსის ფონდთან ჩამოვალ მეთქი.  იქეთ გახედვაც არ მინდა, ახალგაზრდა გოგო ხარ, რაზე მიდიხარო. რას ამბობთ, რამდენ კარგ საქმეს აკეთებენ მეთქი ვუპასუხე. ნეტარ არიან მორწმუნენიო მომაძახა და მელიქიშვილზე ჩამომსვა. მინდა ახლა ამ ინფოგრაფიკას ხედავდეს
80 მილიონი 20 წელიწადში, აქედან 12 მილიონი განათლებაში, 6 მილიონი მედიაში.
გილოცავთ იუბილეს და დიდ წარმატებებს გისურვებთ!

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

დასაფასებელია ის უმნიშვნელოვანესი წვლილი, რაც ფონდმა დაფუძნების დროიდან დღემდე შეიტანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად, ადამიანის უფლებების დასაცავად, კანონის უზენაესობის პრინციპის და ლიბერალური ღირებულებების დასამკვიდრებლად ფონდის მიერ დაფინანსებული თუ უშუალოდ განხორციელებული არაერთი პროექტი არის ფონდის წარმატებული საქმიანობის უტყუარი დასტური.

ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ დიდი დამსახურება მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გაძლიერების საქმეში. ფონდი იყოს საიას ერთ-ერთი პირველი დონორი, ყოველთვის გამორჩეული პარტნიორი და იდეური მხარდამჭერი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფონდი უშუალოდ იყო და არის ჩართული იმ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მთავარ გამოწვევებად მიიჩნევა.

ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ფონდს როგორც უშუალოდ საიასთან ხანგრძლივი, ნაყოფიერი და ფასეული პარტნიორობის გამო, ასევე განსაკუთრებით იმ წვლილისთვის, რაც ფონდს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში აქვს შეტანილი.

ნაზი ჯანეზაშვილი:

მე გამორჩეულად მიყვარს ეს ორგანიზაცია. მისი წვლილი საქართველოში უამრავ სფეროში წარმოუდგენლად დიდია. ვულოცავ ფონდს და მის ყველა თანამშრომელს 20 წლის იუბილეს! პ.ს. 2009 წელს OSF-ის ნიუ იორკის ოფისის ქალთა საერთაშორისო პროგრამამ სტიპენდიიით დამასაჩუქრა, ასე, რომ “პაწაწუნა” პირადი მიზეზი მაქვს, რომ ვთქვა მადლობა! არასოდეს მომბეზრდება ამ ორგანიზაციის დადებით მხარეებზე და წვლილზე საუბარი. წარმატებებს ვუსურვებ!