დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა საქართველოში

22 თებ, 2016

22 თებერვალს, სასტუმრო ‘ჰოლიდეი ინ’-ში ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ორგანიზებით  გამართულ კონფერენციაზე  საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს  შექმნის საკითხი განიხილეს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეხვედრაზე წარმოადგინა კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციაზე საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს კანადის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მოქმედმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა, ასევე სამხრეთ აფრიკის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის იდეა პროკურატურის მიერ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების  ეფექტურად და ობიექტურად გამოძიების საჭიროებამ გააჩინა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ერთად შეიმუშავეს კანონპროექტი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის შესახებ, რომელიც პოლიციის, ციხის მეთვალყურეების და სხვა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს   გამოიძიებს.

შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ მთავრობის წარმომადგენლები არ იზიარებენ ამ მიდგომას და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პროკურატურის პარალელური სტრუქტურის შექმნას, რომელსაც გამოძიების ფუნქციასთან ერთად, სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქციაც ექნება. “არამც და არამც არ მოხდება მეორე პროკურატურის შექმნა”-განაცხადა თეა წულუკიანმა, იუსტიციის მინისტრმა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ საქართველოს რეალობაში ამ ორგანოსთვის სწორედ სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში ბრალის წაყენების ფუნქციის მინიჭებაა გადამწყვეტი:

“ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ქვეყნის გამოცდილება, სადაც მსგავსი მექანიზმი არსებობს და სადაც პრობლემურია გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა.”- ამბობს ნიკა ჯეირანაშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი.

დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნისკენ საქართველოს ხელისუფლებას პირველად 2005 წელს მოუწოდა გაეროს წამების, ღირსების შემლახავი და არადამიანური მოპყრობის შესახებ სპეციალურმა მომხსენებელმა მანფრედ ნოვაკმა. იგივე გაიმეორა ტომას ჰამერბერგმა 2011 და 2013 წლებში ჯერ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და შემდგომ საქართველოს მთავრობის მრჩევლის რანგში.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კანონპროექტის შემუშავების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან. შემუშავებულმა კანონპროექტმა ექსპერტიზა გაიარა საერთაშორისო დონეზე და მანფრედ ნოვაკმა, გაეროს წამების, ღირსების შემლახავი და არადამიანური მოპყრობის შესახებ სპეციალურმა ყოფილმა მომხსენებელმა დადებითი შეფასება მისცა მას. საერთაშორისო ექსპერტმა იგი ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად მიიჩნია ევროპის მასშტაბით.

მედია ამ თემაზე…