დასრულდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

13 დეკ, 2017

10 დეკემბერს, ვარდების მოედანზე თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულებაა. აქციის მიზანია, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა და გაჭიანურებული საპარლამენტო პროცესის დაჩქარება.

აქცია-კონცერტში მონაწილეობდნენ ილიას უნივერსიტეტის ელექტროაკუსტიკური მუსიკის ჯგუფი და ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტების მუსიკალური კოლაბორაცია “ტალღა”.

აქციის მონაწილეებს ნარკოპოლიტიკით დაზარალებული პირებმა და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებმა მიმართეს.

თეთრი ხმაურის მოძრაობა ითხოვს:

1. მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, მიმდინარე წლის ბოლომდე, დაჩქარებულ რეჟიმში, გადაწყდეს დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის დამტკიცების საკითხი. მოვითხოვთ, წლის ბოლომდე ინიცირებული კანონპროექტის პრინციპების დამტკიცებას და კენჭისყრაზე გატანას.

2. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, დაიწყოს პოლიციის რეფორმა და რეპრესიაზე ორიენტირებული სისტემის ყველა რგოლი ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გახდეს. ჩვენ, საზოგადოებას, რეალურ დანაშაულთან მებრძოლი და უსაფრთხოების დამცველი პოლიცია გვჭირდება და არა ადამიანების დევნა, ჩაგვრა, წამება და მკვლელობა. პოლიციის ჰუმანიზაციისა და სისტემური რეფორმირების პროცესში, ერთ-ერთი აუცილებელი ცვლილება სწორედ ინიცირებული დეკრიმინალიზაციის კანონპროექტია.

3. მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან, 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე, სასწრაფო რეჟიმში ნარკოდანაშაულში მსჯავრებული პირების მასობრივი შეწყალება უზრუნველყოს. საპატიმრო დაწესებულებებში დღემდე თვალით უხილავ ოდენობებზე მსჯავრდებული პირები რჩებიან, ყოველი მესამე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს.