ექიმებისთვის პალიატიური მზრუნველობის გაიდლაინები დამტკიცდა

16 აპრ, 2019

16 აპრილს, ღია საზოგადოების ფონდის მიერ ინიცირებული  ქრონიკული და განუკურნებელი დაავადებების მქონე პირების პალიატიური მზრუნველობის გაიდლაინები დამტკიცდა.

სახელმძღვანელო დოკუმენტები პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და სტაციონარში  მომუშავე ექიმებისთვის არის განკუთვნილი, ასევე სამედიცინო წრის იმ წარმომადგენლებისთვის, რომელთაც პროფესიული პროფილიდან გამომდინარე უკურნებელი დაავადებისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობების მქონე, პალიატიური პაციენტების მართვა უწევთ.

სახელმძღვანელოები სამედიცინო პერსონალს აცნობს ქრონიკული ინკურაბელური დაავადების მქონე პირების პალიატიური მზრუნველობის საკითხებს,  უახლეს მტკიცებულებებს და პაციენტების მართვის თანამედროვე ასპექტებს. ამ დროს პაციენტის მოვლა და მკურნალობა მტკიცებულებებს ეფუძნება, რაც ზრდის ხარისხს, აუმჯობესებს უსაფრთხოებას და სამედიცინო მომსახურების განვითარებას უწყობს ხელს.

ნინო კიკნაძე, ღია საზოგადოების ფონდის ჯანდაცვის პროგრამის წარმომადგენელი:

„ ეს ცვლილება დიდი მიღწევაა. ერთი მხრივ,   ექიმებს  უმარტივდებათ გადაწყვეტილების მიღება, მეორე მხრივ პაციენტისთვის ხელმისაწვდომი ხდება მომსახურება, რომელიც საუკეთესო კლინიკურ პრაქტიკას ითვალისწინებს“

გაიდლაინი  ღია საზოგადოება საქართველოს ინიცირებით ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადდა და დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა   და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების  შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს №1 სხდომაზე.

გაიდლაინების დამტკიცებას წინ უძღვოდა პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის განსაზღვრა კანონმდებლობით.