ეროვნული პრესესია გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში

25 ნოე, 2020

25 ნოემბერს, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ეროვნული წინასასეიო მოსმენა მოეწყო, რაც ქმნის სივრცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების თაობაზე ესაუბრონ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

UPR Info  ჟენევაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შესახებ დაინტერესებულ მხარეებს შორის ცნობიერების ამაღლებას და ამასთან, ადვოკატირების პროცესში სამოქალაქო სექტორისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი ინსტიტუტების როლის გაზრდას. UPR Info წინასასესიო მოსმენებს მართავს როგორც ჟენევაში მოქმედ მუდმივ წარმომადგენლობებთან, ისე ეროვნული პარტნიორების, საქართველოს შემთხვევაში ღია საზოგადოების ფონდთან თანამშრომლობით ადგილობრივ დიპლომატებთან.

ადამიანის უფლებების დამცველთა ხუთწუთიანი მიმართვები მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროდ შეიძლება იქცეს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის. ვიდეომიმართვები სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას ასახავს. მათი უმეტესობა გვთავაზობს ხედვას მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეფორმირებისათვის.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე  და ამასთან, მოწყვლად ჯგუფებთან უშუალო შეხებაში მყოფი ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება როგორც ადგილობრივი დიპლომატებისათვის, ისე ჟენევაში მუდმივი მისიების წარმომადგენელთათვის, რათა მივიღოთ რეკომენდაციები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს უფლებადარღვეული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას საქართველოში“- ამბობს ანი ახალკაცი, ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი.

ადევნეთ თვალი UPR საქართველოს საინფორმაციო გვერდს ფეისბუქზე.