ევროკავშირის მხარდაჭერით, ნარკოტიკების მოხმარების ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება იწყება

14 ივლ, 2022

14 ივლისს, ღია საზოგადოების ფონდმა და ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“ (GIP-T), ევროკავშირის მხარდაჭერილი ორი პროექტის დაწყება გამოაცხადეს.

ორივე პროექტი – „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში  უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ და „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“  სახელმწიფო სტრატეგიის, კანონმდებლობის სრულყოფის და სისტემების გაძლიერების გზით ნარკოტიკების მოხმარების ზიანის შემცირებაზეა ორიენტირებული.

პროექტი: „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში  უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ სამი წლის მანძილზე ღია საზოგადოების ფონდი ექვს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა ხელს შეუწყობს მოქალაქეების უსაფრთხოებასა და დაცულობას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების, კრიმინალისა და ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის, მკურნალობისა და ზრუნვის სისტემების გაუმჯობესების გზით.

პროექტი მოიცავს აქტივობებს სამართალდამცავი ორგანოების, საგანმანათლებლო სისტემის და შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების განვითარების, ჯანდაცვის სერვის პროვაიდერების და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით. შემუშავდება  ნივთიერების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგიები და ინტერვენციის მექანიზმები. გარდა ამისა, პროექტი გულისხმობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პოლიტიკის ცვლილების ადვოკატირებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თემატური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას.

„სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში  უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ ფარგლებში ღია საზოგადოება საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციები არიან: ალტერნატივა ჯორჯია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირისაზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი, კავშირი ნაბიჯი მომავლისაკენ და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი.

მეორე პროექტი „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ , რომელსაც ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი (GIP-T)” უძღვება, სამ წლინახევრის მანძილზე ხელს შეუწყობს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიისა და საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

პროექტის ძირითადი მიმართულებებია: დანაშაულისა და პრევენციის და ფსიქოაქტიური ნივთიერებების  გამოყენების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება; ფსიქოაქტიურ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის  შესაძლებლობების გაზრდა; ფსიქოაქტიური ნივთიერებების  მოხმარებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში ხარისხიანი განათლების ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა; ქცევითი, ემოციური და ადიქციასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მულტიდისციპლინური მომსახურების უზრუნველყოფა და ადვოკატირება ამ მომსახურების მდგრადობისათვის; მცირე პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა დაუცველი თემის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად (საზოგადოების უსაფრთხოების პროექტები ეთნიკური უმცირესობებისთვის, დასაქმების პროექტები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ჯგუფებისთვის და ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთათვის და ა.შ.).

ამ პროექტს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი (GIP-T)” განახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი, დემოკრატიის ინსტიტუტი, მედია ორგანიზაცია „პუბლიკა“, ჰამბურგის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა და ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტი.