ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგების წარდგენა ბრიუსელში

19 თებ, 2019

პრესრელიზი

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წევრებს გააცნობენ

19 თებერვალი, 2019ღია საზოგადოების ფონდი პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს. მონიტორინგის ანგარიში, რომელიც საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება თბილისში 13 თებერვალს გამოქვეყნდა.

ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე დღის წესრიგში განსაზღვრული  მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და მათი ხარისხი. ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემის და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა 2019 წლის 5 მარტს, ბრიუსელში გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ეს მონიტორინგის შედეგები არის ალტერნატიული დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტარები და ევროკომისიის წარმომადგენლები სხდომამდე გაეცნობიან.

4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში 20-მდე შეხვედრაა ჩანიშნული.

პირველი შეხვედრა 19 თებერვალს ევროკომისიაში იანი ტაივალანტისთან (Jani Taivalantti) გაიმართება, რომელიც ფედერიკა მოგერინის კაბინეტის მრჩეველია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ამის შემდეგ, გაიმართება შეხვედრები ევროკომისიაში ჰანა იაჰანსთან (Hanna Jahns), რომელიც კომისარ იოჰანეს ჰანის კაბინეტს წარმოადგენს,  ევროპარლამენტარებთან სოციალ-დემოკრატ ანდრეას მამიკინთან (Andrejs Mamikins)  და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთან ტუნ კელამთან (Tunne Kelam).

20 თებერვალს, ჩატარდება შეხვედრები ე.წ COAST დელეგატებთან, რომლებიც 28 წევრ ქვეყანას წარმოადგენენ. ამავე დღეს, გაიმართება შეხვედრა სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ევროპარლამენტარ კლეირ მუდთან (Clare Moody), ევროკომისიის წარმომადგენლებტან მეთიუ ბუსკეტთან (Mathieu Bousquet)  და მიქაელა ჰაუფთან (Michaela Hauf). 20 თებერვლის შეხვედრები დასრულდება შეხვედრით მწვანეთა ჯგუფის/ევროპის თავისუფალი ალიანსის წარმომადგენელ ევროპარლამენტარ ჰეიდი ჰაუტალასთან (Heidi Hautala).

21 თებერვალს გაიმართება შეხვედრები ევროკომისრებთან მარტინ ქვინთან (Martijn Quinn) და იან პეტრისთან (Jan PETRY), ჯიანინა  პოპესკუსთან (Gianina Popescu). ამავე დღეს ასოცირების დღის წესრგისის შესრულების მონიტორინგის ჯგუფი შეხვდება ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის (European External Action Service-EEAS) წარმომადგენლებს.

ამავე დღეს, ღია საზოგადოების ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი და დემოკრატიის ევროპული ფონდი უმასპინძლებენ საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სადაც შეჯამდება ასოცირების ხელშეკრულების გავლენა საქართველოს დემოკრატიასა და საქართველოს მოქალაქეებზე.

22 თებერვალს გაგრძელდება შეხვედრები ევროპარლამენტისა და ევროკომისიის იმ წარმომადგენლებთან.

ანგარიში  ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ.

წარმომადგენელი ორგანიზაციები

ღია საზოგადოების საქართველოს ფონდი

  • ქეთი ხუციშვილი- აღმასრულებელი დირექტორი,
  • ვანო ჩხიკვაძე- ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი
  • ანი ახალკაცი- ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი

მონიტორინგის ჯგუფი:

  • ანა არგანაშვილი- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, ბავშვთა საკითხები
  • მიხეილ ბენიძე- სამართლიანი არჩევნები, არჩევნების თემა
  • კოტე ერისთავი- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • ეკა გიგაური- საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველო, ანტიკორუფციული პოლიტიკა
  • თამარ კოლიჯაშვილი- კავშირი საფარი, თანასწორი მოპყრობა
  • მანანა ქოჩლაძე- მწვანე ალტერნატივა, გარემოს დაცვის საკითხები
  • ბაია პატარაია- კავშირი საფარი, ქალთა უფლებები
  • სულხან სალაძე- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

###

საკონტაქტო პირი პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, ღია საზოგადოების ფონდი, ელ.ფოსტა: