ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულება

15 დეკ, 2016

დღეს, 15 დეკემბერს, ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პოლიტიკის დოკუმენტები წარმოადგინა, რომელიც აფასებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ბავშვთა უფლებების, შრომითი სტანდარტების, გარემოს დაცვას, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის,  თანასწორობის,  განათლებისა და ახალგაზრდობის, კონფლიქტების, კულტურისა და მედიის მიმართულებით.

მდგომარეობა სფეროების მიხედვით:

თანასწორობა

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღისწესრიგი ყურადღებას ამახვილებს ორსული ქალების, დედებისა და მშობლების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს მთავრობას არ შეუტანია შესაბამისი ცვლილებები თავის საკანონმდებლო რეგულაციებში მათი გაუმჯობესების მიზნით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს თანასწორი მოპყრობის ნაწილში ჩამოყალიბებული სამი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. ამ სფეროში პროგრესის არარსებობა აბრკოლებს საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებას.

ბავშვთა უფლებები

2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სპეციალურ ანგარიშში აღწერილი, ჩრდილოვან ბავშვთა სახლებში ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ჯერაც რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ინსტიტუციებში მყოფი ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ყურადღება გამახვილებულია ბავშვთა უფლებების მონიტორინგის გაფართოების და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლის გაძლიერების საჭიროებაზე

შრომითი უფლებები

ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა შრომის კოდექსში, რაც ითვალისწინებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნას, რომელსაც შრომითი დავების გადაწყვეტა ევალება. დებულების მიხედვით სამმხრივი კომისია ყოველკვარტულად უნდა შეიკრიბოს. თუმცა 2013 წელს შექმნილი კომისია ამ დრომდე მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა. ამ დრომდე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია რჩება ქმედუუნაროდ ორგანოდ და ის არ ერთვება შრომითი დავების გადაწყვეტის პროცესში.

გარემოს დაცვა

საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში ენერგეტიკის, რეგიონალური განვითარების, ტრანსპორტის სფეროებში დასახულია ისეთი მიზნები, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა გარემოზე. მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა.

ენერგეტიკა

ენერგეტიკის სფეროში სუბსიდირებული ტარიფები (ელექტროენერგიის და გაზის) იწვევს ენეროპროდუქტების არაეფექტიან გამოყენებას და აფერხებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას. საქართველოში ელექტროენერგიის და გაზის მასშტაბური სუბსიდირება ხდება, რის შემდეგაც ქვეყანა ერთ სულზე 2-3-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები, და იზრდება მისი დამოკიდებულება ენერგიის იმპორტზე. საჭიროა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში სუბსიდიების გადახედვა, რათა გაიზარდოს მათი ეფექტიანობა.

სოფლის მეურნეობა

ახლო მომავალში სურსათის უვნებლობის დაცვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზარზე მოხვედრის აუცილებელი წინაპირობა იქნება. საოჯახო მეურნეობები, რომლებიც სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების თითქმის 90%-ს წარმოადგენენ, იშვიათად არიან ინფორმირებულნი საკანონმდებლო მოთხოვნებზე.

განათლება და ახალგაზრდობა

მართალია, 2016 წელი ბოლო წელია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად, ერთ-ერთი კონკრეტული და მნიშშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ამ დოკუმენტის მიხედვით აიღო საქართველომ – „პროფესიული განათლების შესახებ” ახალი კანონის მიღება ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.

კონფლიქტები

მოცემული ფორმით საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორების შესახებ ხელს უშლის ასოცირების ხელშეკრულების ხელშეკრულებით მისაღები სიკეთეების გავცელებას და ხელმისაწვდომობას იმ ადამიანებისთვის, ვინც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ. აღნიშნულმა კანონმა შესაძლოა ასევე პრობლემები შექმნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გავრცელების კუთხით.

კულტურა

მიუხედავად ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა, კულტურული მემკვიდრეობა კვლავაც განიხილება როგორც ვიწრო სფერო და არა როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც ასახვას უნდა ჰპოვებდეს ყველა სხვა სფეროს პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. ეს ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობას, რაც გამოიხატება კულტ. მემკვიდრეობის ავთენტიკურობის შელახვაში, ცალკეულ ძეგლთა განადგურებასა და კულტ. ლანდშაფტის ხელყოფაში.

მედია

საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუდიოვიზუალური მომსახურების დირექტივის შესაბამისად საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამისთვის კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საკმარისი ადამიანური და მატერიალური რესურსით აღჭურვა.

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო” იმედოვნებს, რომ პოლიტიკის დოკუმენტებში განხილული გამოწვევები და რეკომენდაციები სასარგებლო იქნება საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებისათვის, საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ დიალოგის გასაგრძელებლად.

###

დოკუმენტები მომზადებულია კავშირი „საფარის”, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის, მწვანე ალტერნატივის, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, ელკანას, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და ხელოვნების საბჭოს და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ.

გასულ თვეს, ფონდის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ეხებოდა მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, წამებისა და სასტიკი მოპყრობის თემებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.  

იხილეთ ანგარიშები: