ღია საზოგადოების ფონდი ეხმიანება რიონის ხეობის მცველთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევას

12 აპრ, 2021

ვეხმიანებით, რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და მივიჩნევთ, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, „ბლოკპოსტების“ მოწყობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ამას გარდა, პოლიციამ აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაუშალა კარვები, სადაც 169 დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტი. აღნიშნულის გასამართლებლად  შსს-ს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, ვერ აკმაყოფილებს, უფლებაში ჩარევისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების სტანდარტებით დადგენილ საბაზისო მოთხოვნებს.

ნამოხვანი ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას, არ ყოფილა გათვალისწინებული ეკოლოგიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, პროექტის სოციალურ სარგებლიანობასთან დაკავშირებული წუხილები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები; არ გაბათილებულა პროექტის უსაფრთხოებასა და ხარვეზიან კვლევებთან დაკავშირებული სამეცნიერო არგუმენტები, რამაც, ლოგიკურად წარმოშვა ადგილობრივების სამართლიანი პროტესტი. ხოლო ამ პროტესტის ძალადობრივად შეჩერების მცდელობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, მიანიშნებს, რომ სახელმწიფომ გადაუხვია მის ფუნქციასა და როლს, პოლიტიკური, თუ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებისას, იხელმძღვანელოს და შებოჭილ იქნას საჯარო ინტერესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს მოქალაქეების კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა და არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ; ხოლო საქართველოს მთავრობამ, აიღოს რეალური პასუხისმგებლობა და ნამოხვანი ჰესთან დაკავშირებული პროცესი წარმართოს გამჭვირვალედ, ეფექტიანად, ხეობის მოსახლეობის ინტერესების სრული დაცვით.