ღია საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა მოთხოვნებს

25 მარ, 2019

ღია საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა საგაფიცვო მოთხოვნებს. მიგვაჩნია, რომ სოციალურ მუშაკთა მოთხოვნები ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება.

საგაფიცვო მოთხოვნების ჩამონათვალი მკაფიოდ აჩვენებს სოციალური დაცვის სისტემაში არსებულ ძირეულ პრობლემებს. ამასთანავე, განსაკუთრებით საგანგაშოა სოციალური დაცვის სისტემაში მომუშავე პროფესიონალთა შრომითი პირობები. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სოციალური დაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სოციალური მუშაკები ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებით უზრუნველყოს.

ღია საზოგადოების ფონდი სოციალური სამუშაოს განვითარებას საქართველოში ამ პროფესიის დანერგვის დღიდან უჭერს მხარს. არაერთმა სოციალურმა მუშაკმა აკადემიური განათლება  ფონდის დახმარებით მიიღო. მოგვიანებით, ფონდმა სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რამდენიმე პროექტი დააფინანსა. ღია საზოგადოების ფონდის  სამუშაო თემები, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თუ უსახლკარობა, დიდწილად არის დამოკიდებული სოციალურ მუშაკთა შესაძლებლობაზე, სრულფასოვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გაითვალისწინონ სოციალურ მუშაკთა ლეგიტიმური მოთხოვნები.

###

საკონტაქტო პირი პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი- 595 221 999, , www.csf.ge