ღია საზოგადოების ფონდის საჩუქარი LINKS-ის პროექტის წარმატებულ მონაწილეებს

10 აპრ, 2023

აიდა, მანანა, კამალა, ლიამანი და დუიგო განათლებისა და დასაქმებისკენ გზას ახალი კომპიუტერებით აგრძელებენ. ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით, მარნეულისა და გარდაბნის სოფლებში მცხოვრები ეს ახალგაზრდები, როგორც LINKS-ის პროექტის წარმატებული მონაწილეები, აღარ დაბრკოლდებიან ისეთი გამოწვევებით, როგორიცაა სწავლისთვის საჭირო მასალის დამუშავება თუ დავალების შესრულება. ღია საზოგადოების ფონდმა ისინი დაასაჩუქრა ტექნიკით, რომლის შეძენასაც თავად ვერ ახერხებდნენ. პროექტის სხვა მონაწილეებს დამსახურებული სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) მიზნად ისახავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო ადგილის მოძიებაში დაეხმაროს. ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებისა თუ მეწარმეობის უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული პროგრამების წარმატებით გავლის შემდეგ, ახალგაზრდები პროფესიულად იზრდებიან, რაც რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც აისახება.

ვიზიტის ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ახალგაზრდებს, რომელთაც პროექტი პროფესიულ გადამზადებასა და პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებას სთავაზობს. მარნეულში, ბოლნისსა და გარდაბანში ხელმისაწვდომი ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობები მათ კარიერულ დაგეგმვასა და სამომავლო პერსპექტივების დანახვაში ეხმარება. ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრები ბოლნისის მუზეუმის მონახულებით დასრულდა.

პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს გაეროს ასოციაციისა და საქართველოს „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. ოთხი სამიზნე რეგიონია: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.