„ღია საზოგადოების ფონდის“ უახლესი შედეგები დასავლეთ საქართველოდან

24 მაი, 2023

„ღია საზოგადოების ფონდი“ მხარდაჭერილი პროექტების მონაწილეების მოსანახულებლად და ბოლო პერიოდში მიღწეული შედეგების შესაჯამებლად დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა. აჭარაში, იმერეთსა და გურიაში გამართულმა შეხვედრებმა პარტნიორი ორგანიზაციები, ახალგაზრდა მხარდამჭერები და ადგილობრივი მოსახლეობა გააერთიანა.

მობილური აპლიკაცია Echo (iOS / Android), რომელიც ქუთაისის საინტერესო ადგილებს მოგატარებთ და მის მულტიკულტურულ ისტორიას აღმოგაჩენინებთ, მედიათეკარომელიც ზემო აჭარის მაცხოვრებლებისა თუ სტუმრებისთვის ინოვაციურ საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და მულტიმედია არქივს აერთიანებს, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის 40-ზე მეტი მონაწილე, კომპიუტერებით დასაჩუქრებული 10 მოტივირებული ახალგაზრდა და ინგლისურისა და მეწარმეობის ტრენინგის ათეულობით კურსდამთავრებული – ეს და არა მხოლოდ ეს სიახლეები დასავლეთ საქართველოში, „ღია საზოგადოების ფონდისა“ და მისი მხარდამჭერების ჩართულობით, ბოლო პერიოდში მიღწეული შედეგებია.

„ღია საზოგადოების ფონდი“ შეუერთდა პირველ საფეხმავლო ტურს, რომელიც მობილური აპლიკაციის Echo მეშვეობით ქუთაისში ორგანიზაციის „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ჩართულობით ჩატარდა. ამ ეტაპზე,  Echo ქუთაისის მივიწყებულ კათოლიკურ და ებრაულ ისტორიებში გამოგზაურებთ, თუმცა, სამომავლოდ მისი დახვეწა, ტურების დამატება და სხვა რეგიონების მასშტაბით გაფართოებაც იგეგმება.  მობილური აპლიკაცია პროექტის  „მულტიკულტურული ცნობიერება მშვიდობის გაძლიერებისთვის” ფარგლებში შეიქმნა იმ მიზნით, რომ გაიზარდოს ცნობადობა ქუთაისის მულტიკულტურული მრავალფეროვნების შესახებ და გარემო გახდეს უფრო ტოლერანტული, ასევე, მეტი ახალგაზრდა, მასწავლებელი და მოსწავლე ჩაერთოს საქალაქო ტურებში, რათა ბევრმა ადამიანმა შეიტყოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წვლილზე ქუთაისის ისტორიის შექმნაში.

გურიასა და აჭარაში „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LINKS პროექტის უახლესი შედეგები შეაჯერეს. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ აქტიური თანამშრომლობითა და ფონდის ინიციატივით, პროექტის 10 ყველაზე მოტივირებული და, ამასთან, ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე მყოფი მონაწილე განათლებისა და დასაქმების გზას ახალი კომპიუტერებით გააგრძელებს. შესაბამისად, თითოეულ მათგანს განვითარების უკეთესი შესაძლებლობა ექნება.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS), რომელსაც ფონდი გაეროს ასოციაციასთან(UNAG) ერთად ახორციელებს, მიზნად ისახავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო ადგილის მოძიებაში დაეხმაროს. ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებისა თუ მეწარმეობის უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული პროგრამების წარმატებით გავლის შემდეგ, ახალგაზრდები პროფესიულად იზრდებიან, რაც რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც აისახება.

დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში, LINKS პროექტის ინგლისური ენისა და მეწარმეობის ტრენინგების წარმატებულ კურსდამთავრებულებს დამსახურებული სერტიფიკატები გადაეცათ. „ღია საზოგადოების ფონდი“ ასევე შეხვდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს, მათ შორის, უკვე წარმატებით დასაქმებულებსაც, რომელთაც ეს შესაძლებლობა კარიერულ დაგეგმვასა და სამომავლო პერსპექტივების დანახვაში ეხმარება.

და ბოლოს, თბილისის საერთაშორისო ფოტო ფესტივალთან და მულტიმედია მუზეუმთან  თანამშრომლობით, მაღალმთიან აჭარაში, ქედის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა მედიათეკა – განათლების ალტერნატიული ცენტრი. აქ თავმოყრილი ფოტო წიგნები, მულტიმედიური არქივი თუ ინოვაციური  შესაძლებლობები ადგილობრივებს საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილებების მიღებაში დაეხმარება. მედიათეკამ, ძირითად ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, „ღია საზოგადოების ფონდისგან“ საჩუქრად Magnum-ის წიგნადი ფონდიც მიიღო.