ინოვაციური მომსახურება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის

23 იან, 2013

 

18 იანვარს  ‘მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრმა’ წარმოადგინა ახალი მომსახურების პრეზენტაცია,  რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა.

‘აქტიური სათემო ფსიქიატიული მომსახურება’ (აქტი/ACT) – ეს არის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც გავრცელებულია აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს მომსახურება საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს და მისი ინიცირება ამერიკული ორგანიზაციის – ‘ადამიანები ეხმარებიან ადამიანებს ‘და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით მოხერხდა.

‘აქტიური სათემო ფსიქიატიული მომსახურება’ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჰოსპიტალიზაციის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. მისი  მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობა და რეაბილიტაცია ჰოსპიტალს გარეთ. მოსამზადებელი სამუშაოები ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. დღეისათვის უკვე არსებობს კარგად მომზადებული მობილური გუნდი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, დასაქმების სპეციალისტი, ექთანი და ფსიქიატრი). გუნდის წევრებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს ამერიკაში. თბილისში გუნდის მუშაობას ზედამხედველობას გაუწევენ ამერიკელი სპეციალისტები. მომსახურება 8 იანვარს ამოქმედდა და ჯერჯერობით 8 პაციენტს მოიცავს.

როგორც პროექტის  ხელმძღვანელი გიორგი გელეიშვილი ამბობს ‘ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ახალი სერვისის შექმნის საჭიროება  ფსიქიატრიული რეფორმის აუცილებლობამ გამოიწვია. საავადმყოფოდან გაწერილ  პაციენტს ჰოსპიტალს გარეთ ადეკვატური მომსახურება უნდა დახვდეს, მას ჰქონდეთ საშუალება მიიღოს ხარისხიანი ალტერნატიული მომსახურება ბინაზე. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში საავადმყოფოებში ფსიქიატრიული საწოლების შემცირებას თან ახლავს სერვისის გაუმჯობესება საავადმყოფოს გარეთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 20 წლის მანძილზე საწოლების რაოდენობა შემცირდა 5500-დან 1200-მდე, რასაც თან არ ახლდა საავადმყოფოს გარე სერვისის განვითარება და პაციენტების დიდი რაოდენობა საჭირო მომსახურების გარეშე დარჩა.’

მნიშვნელოვანი საკითხია ამ ახალი ტიპის მომსახურების გათვალისწინება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში და აღნიშნული მომსახურების დაფინანსების უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ საკითხზე მოლაპარაკებები ‘მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრმა’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 2 წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული სერვისის განსავითარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავდა 2013 წლიდან. პროექტის ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ ამ ახალი სერვისის დანერგვა და გავრცელება მთელი ქვეყნის მაშტაბით კვლავ დარჩება სახელმწიფოს გეგმებში.

სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამდე, ‘აქტიური სათემო ფსიქიატიული მომსახურება’ (აქტი/ACT) დონორების დახმარებით დაიწყებს გარკვეული რაოდენობის ადამიანების მომსახურებას.

“ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოების სრულფასოვნად დარჩენა ჩვენი ფონდისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნული სერვისი  აპრობირებულია და მრავალ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. დასავლეთის ქვეყნებში ეს პროცესი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში საწოლების შემცირების პარალელურად  დაიწყო და  მთელი რიგი გართულებების თავიდან აცილება მოახდინა”-ამბობს ირმა ხაბაზი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქათველოს’ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი.