კამპანი 'ეს შენ გეხება' და ახალი მხარდამჭერები

18 მარ, 2016

ფარული თვალთვალის და კადრების გავრცელების წინააღმდეგ განახლებული კამპანია ‘ეს შენ გეხება’ გაფართოვდა. 18 მარტს, კამპანიას შეუერთდნენ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელები, ქალთა გაერთიანება, პროფკავშირთა გაერთიანება, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი, მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები.

კამპანიის მხარდამჭერები უარს ამბობენ უკანონო მიყურადების პრაქტიკაზე, ამ გზით მოპოვებული გავრცელებული ფარული კადრების ნახვაზე და მიაჩნიათ, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული ქმედებაა.

ჩვენ არ გვეხება სხვა ადამიანების პირადი ცხოვრება, მაგრამ გვეხება ის, რომ გვითვალთვალებენ, გვეხება ის, რომ ფარული კადრების გავრცელებით და ამაზე ჩვენი რეაქციით ადამიანებს აშინებენ და აშანტაჟებენ!’- ამბობენ კამპანიის წევრები.

კამპანიის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან მოითხოვენ:

1. ბოლო პერიოდში გავრცელებული კადრების საქმის სწრაფად გამოძიებას და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას
2. კანონმდებლობის გამკაცრებას
3. დამოუკიდებელი და ობიექტური საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რაც მომავალში სამართალდამცავთა უკანონო ქმედებებს გამოიძიებს

“ეს შენ გეხება”-ს ფარგლებში 19 მარტს, შაბათს, 13:00 საათზე თბილისში ფილარმონიასთან აქცია ტარდება, რომელიც მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან დასრულდება. აქციები გაიმართება რეგიონებშიც.