ხელოვანები სოციალური ცვლილებებისთვის

8 ივლ, 2019

ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით 3-5 ივლისს კახეთში ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში, რომლის მიზანია შემოქმედებითი ადამიანების მონაწილეობის გაზრდა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. შეხვედრას უძღვებოდნენ ბულგარული  ორგანიზაციის Fine Acts Sprints ტრენერები, რომელთაც  ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ გავლენიან ადამიანებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. იმ ადამიანებთან, რომელთაც შეუძლიათ ლიტერატურული თხრობის, ფოტოს, მხატვრობის, კინოს, თეატრალური პერფორმანსის და სხვა შემოქმედებითი ხერხების მეშვეობით დაანახონ საზოგადოებას საზოგადოებრივ სიკეთეებს მიღმა დარჩენილი და დაჩაგრული ადამიანები და მნახველში მათი პრობლემების გაზიარების და დახმარების სურვილი გააჩინონ.

ტრენინგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და  შეზღუდული შესაძლებლობების და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანებს ეხებოდა.

“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ჯერაც არ მიუწვდებათ ხელი ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე და ელემენტარულ სიკეთეებზე, როგორიცაა ჯანდაცვის მომსახურება.  არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება, დღემდე განიცდიან სტიგმას. მართალია, ბოლო პერიოდში ჩვენი საზოგადოება უფრო მზრუნველი გახდა ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ განწყობა მაინც სიბრალულით შემოიფარგლება, ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად თუ შევხვდებით ეტლით მოსარგებლეს ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს შინაარსი აკლია და არც დონორების ძალისხმევაა საკმარისი.  ყველაზე დიდი ძალა მაინც ხელოვანი ადამიანების ხელშია. მათ მიერ სხვადასხვა მხატვრული ხერხით ასახულმა პრობლემამ ან ცვლილების ინიციატივამ შესაძლოა იმდენად დიდი გავლენა იქონიოს, რაზეც სამოქალაქოს საზოგადოებას წლები დასჭირდებოდა”- ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი.

“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ადამიანების დანახვა ბოლო პერიოდში დავიწყე. ისინი ჩნდებიან ეკრანზე, ხშირად ვხედავთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, რომლებიც ყველაზე კეთილები არიან. ჩემთვის კეთილი არის ჭკვიანი ადამიანი. ამიტომ, გამოდის, რომ ისინი ყველაზე ჭკვიანებიც არიან. მათ არ დაუკარგავთ ის, რაც ჩვენ ყველამ დავკარგეთ. ახლა უკვე მინდა, რომ მათი დანახვიდან, მოსმენაზე გადავიდე”-დათო ტურაშვილი, მწერალი.

“ამ შეხვედრამდე ცხადია მიფიქრია ამ ადამიანებზე, მაგრამ ეს იყო ინფორმაციული ცოდნა. ახლა კი ეს ემოციურ ცოდნად გადაიქცა და მოქმედების სურვილი გამიჩნდა. ვფიქრობდი, რა დავარქვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. მე მჯერა, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა, ჩვენსა და ღმერთს შორის კავშირის დასამყარებლად კი ანგელოზთა გუნდი. ეს ადამიანები ჩემთვის ანგელოზები არიან, ამიტომ ასე დავუძახებ”- გიორგი ოვაშვილი, კინორეჟისორი.

 

საუბარი კახეთში გამართული შეხვედრის შესახებ.