კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ღირსების მარშის“ გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების და მონაწილე პირთა უსაფრთხოება

3 ივლ, 2021

2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ იგეგმება, ამჟამად კი მიმდინარეობს “პრაიდის კვირეული”. პრაიდის დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას “ღირსების მარშის” მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოება
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას.