კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ტელეკომპანია ,,ოდიშის“ წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტს ეხმიანება

15 მაი, 2019

2019 წლის 14 მაისს, ,,ოდიშის“ გადაცემა ,,ლუსტრაციის“ ჩაწერისას რესპონდენტს, ზუგდიდის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსს გარკვეული პირები დაუპირისპირდნენ. ამასთან, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გადამღებ ჯგუფს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მიგვაჩნია, რომ გადამღებ ჯგუფთან მიმართებაში ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას – იძულებას, ჟურნალისტმა თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან. მნიშვნელოვანია საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აუცილებლად მიიჩნევს, ყველა მხარემ გაიაზროს მედიის როლი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. სწორედ მედიის წარმომადგენლების მიერ ხდება საზოგადოების ინფორმირება იმ საარჩევნო საკითხებზე, რომლებიც მოქალაქეებს კენჭისყრის დღეს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.