კონკურსი დოკუმენტური ფილმების გადასაღებად

13 ნოე, 2018

კონკურსი ცხადდება ეროვნული ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის მხარდაჭერა მათი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის, სამართლიანობის და თანასწორუფლებიანობის, კულტურული მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის გზით.

2014 წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, ეროვნული უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის 13.20%-ს, ხოლო რელიგიური უმცირესობები 14.9%-ს შეადგენენ (საქსტატი, 2016). უმცირესობების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ,  საზოგადოებრივ თუ კულტურულ ცხოვრებაში დემოკრატიული სახელწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობაა. სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობა სერიოზულ გამოწვევად რჩება. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარებული გამოკითხვები მოწმობენ, რომ ამ ჯგუფებში არსებობს განაწყენების, გაუცხოების, დაუცველობისა და უსამართლობის განცდა (GCSD, 2018). საქართველოში მცხოვრები განსხვავებული რწმენის მიმდევართა და ეთნიკური ჯგუფების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებები მნიშვნელოვნად აფერხებს მათ ინტეგრაციას და ამცირებს ერთიანობისა და სოლიდარობის განცდას (TDI, 2017). ამგვარი დამოკიდებულებების დაძლევასა და ტოლერანტური განწყობების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მედიას, რომელსაც ძლიერი გავლენა აქვს საზოგადოებრივ დისკურსზე.

კონკურსის მიზანი:

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების, შეხედულებებისა და განწყობების ცვლილება, განსხვავებულ ჯგუფებსა და კულტურებს შორის დიალოგის ხელშეწყობა

დოკუმენტური ამბის თხრობისა და ობიექტური მედიაპროდუქტების წარმოებისა და გავრცელების საშუალებით.

ამოცანები:

  • რელიგიური, ეთნიკური ჯგუფების ხილვადობისა და პრობლემატიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა;
  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის თვითგამოხატვისა და  ინდივიდუალური თუ კოლექტიური გამოცდილების გაზიარებისათვის შესაძლებლობების შექმნა;
  • უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის, სპეციფიკური ცოდნის, ტრადიციებისა თუ სხვა თავისებურებების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მათი შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ.

ფონდი იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე მედიაორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

დასაფინანსებლად შეირჩევა პროექტები, რომლებიც გვთავაზობენ ამბის თხრობის კრეატიულ გზებს, ინოვაციურ მიდგომებს, განსხვავებულ ხედვას და უზრუნველყოფენ უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების პრობლემატიკის ფართო საზოგადოებამდე ეფექტურად მიტანას.

საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 15,000 აშშ დოლარს.  დაფინანსდება ორი (თითოეულის ბიუჯეტი 7,500 აშშ დოლარი) ან მეტი ფილმი. საბოლოო გადაწყვეტილება ფილმის ბიუჯეტის თაობაზე მიიღება წარმოდგენილი  განაცხადებიდან გამომდინარე.

სატელევიზიო ფილმების წარმოების პერიოდია 2019 წლის დეკემბერი -2019 წლის სექტემბერი.

საკონკურსო მოთხოვნები:

  • ფილმის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 25 წუთი;
  • პროექტმა არ უნდა მიაყენოს ზიანი სხვა ინდივიდისა თუ ორგანიზაციის საავტორო უფლებებს.

დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 300 სიტყვისა);
  • დოკუმენტური ფილმის მოკლე აღწერა/სინოფსისი (თემატიკა, საკითხები, გამოწვევები, ამბის სტრუქტურა, ნარატივის განვითარება, მთავარი გმირები);
  • აუდიტორიის ჩართულობისა და სოციალური გავლენის უზრუნველყოფის გზები;
  • პროექტის განხორციელების გეგმა;
  • პროექტის ბიუჯეტი;
  • დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფის წევრების მოკლე ბიოგრაფიები;
  • განმცხადებლის წინა ნამუშევრების ელექტრონული მისამართები/ ბმულები;
  • ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა);

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: ორშაბათი, 2018 წლის 3 დეკემბერი, 18:00 საათი.

განსახილველი საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის ოფისში, ჭოველიძის ქუჩა No 10, დახურულ კონვერტში, რომელსაც უნდა ეწეროს:

  • დოკუმენტური ფილმების  კონკურსი
  • ეროვნული ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა
  • ღია საზოგადოების ფონდი

კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება

22 ნოემბერს,  15:00 საათზე  ღია საზოგადოების ფონდის ოფისში,  მისამართზე: ჭოველიძის ქუჩა No10.

საკონტაქტო ინფორმაცია: დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: .