კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა საარჩევნო პროცესზე

30 სექ, 2021

პრესრელიზი, 30 სექტემბერი, 2021

კვლევის წინასწარი მიგნებები

არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) და დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტის (IDSD) საარჩევნო პროცესზე კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების გავლენის შესახებ მიმდინარე კვლევის წინასწარ მიგნებებს აქვეყნებენ.

კვლევა აფასებს კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ჩართულობისა და გავლენის მასშტაბს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში.

კვლევა ხორციელდება სამაგიდე და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარებული სამაგიდე კვლევის ფარგლებში შეჯერდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო სუბიექტებზე განხორციელებული ყველა ძალადობრივი ფაქტი, რომელიც აღწერილია სხვადასხვა ტიპის საჯარო წყაროებში (მედია, პოლიტიკური პარტიების ვებ და/ან ფეისბუქ გვერდები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები და სხვა). გარდა ამისა, თვისებრივი კვლევის ფარგლებში, განხორციელდა თითქმის ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიქტის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლის გამოკითხვა, 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ გამოცდილებასთან დაკავშირებით. თუმცა, მმართველ პარტიასთან (ქართული ოცნება) კომუნიკაციის მიუხედავად, ამ ეტაპზე, ვერ მოხერხდა პარტიის წარმოამდგენლების გამოკითხვა. კვლევის საბოლოო ანგარიში ჯერ არ მომზადებულა, თუმცა, ამ ეტაპზე კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია იძლევა მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2020 წლის არჩევნების პერიოდში ძალადობისა და ზეწოლის მსხვერპლები გახდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, არამედ ჟურნალისტები და დამკვირვებლები. სამწუხაროდ, ამ პროცესებს თან ახლდა ამ ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო რეაგირება. როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, ისე მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემო ხასიათდება უთანასწორო შესაძლებლობებით მმართველ პარტიასა და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ხელისუფლება ხმების მოსაპოვებლად, აქტიურად იყენებს მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობის, დაშინებისა და იძულების გზებს. რესპონდენტებმა დაასახელეს კონკრეტული ფაქტები, მმართველი პარტიის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ცალკეული მუნიციპალური სერვისის თუ სოციალური დახმარების შეწყვეტის მუქარის შესახებ, ასევე, ხმის სანაცვლოდ, დასაქმების, ცალკეული სამედიცინო მომსახურეობის მუნიციპალური თანხებიდან დაფინანსების ან სხვა ტიპის დახმარების დაპირებების თაობაზე.

ცალკე უნდა აღინიშნოს ხელისუფლების სასარგებლოდ ე.წ. კრიმინალური და უბნის ავტორიტეტების ჩარევა, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს. რესპონდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. მათი აქტივობა, როგორც წესი, არჩევნებამდე 30 დღით ადრე იწყება, ხოლო განსაკუთრებულ მასშტაბს არჩევნებამდე 7-10 დღით ადრე იძენს. კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, კვლავაც აქტუალურია, ხოლო არაფორმალური ჯგუფების მიერ გამოყენებული ზემოქმედების ბერკეტები საკმაოდ მრავალფეროვანია.

ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც აღნიშნული ჯგუფები იყენებდნენ არის ოპოზიციის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე „უბნის ავტორიტეტების“ ახლო დისტანციაზე შეჯგუფება, ხმამაღალი გინება და გამომწვევი ქცევა პროვოკაციის მოწყობის და უბნებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლის მიზნით.  გარდა ამისა,  ზემოქმედების ე.წ. ბერკეტებს შორის არის ფსიქოლოგიური ძალადობაც, როდესაც ე.წ. უბნის ავტორიტეტები როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს უბნებში აქტიურად გამოჩენით ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ოპოზიციურად ან ნეიტრალურად განწყობილ ამომრჩეველზე – კენჭისყრის დღეს, ისინი ჯგუფდებიან საარჩევნო უბანთან, რითიც მიანიშნებენ ამომრჩეველს, რომ თვალყურს ადევნებენ ხმის მიცემის პროცესს და ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ აკონტროლებენ ამომრჩევლის ხმის მიცემის საკითხს. როგორც კვლევამ აჩვენა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას სწორედ ხმის მიცემის ფარულობის მიმართ ამომრჩევლის სკეპტიციზმი წარმოადგენს.

არსებული სურათი, ასევე საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლა, მოქალაქეებს უქმნის განცდას, რომ მათი არჩევანი, რომელსაც ისინი საარჩევნო ყუთთან აფიქსირებენ, ცნობილი გახდება მათზე ზეწოლის განმახორციელებელი პირებისთვის. ამომრჩეველს უმყარდება რწმენა, რომ არჩევნების შემდეგ ისინი პირისპირ დარჩებიან ე.წ. უბნის ავტორიტეტებთან და მათი ან/და მათი შვილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ან თავს არიდებენ არჩევნებში მონაწილეობას, ან ზეწოლის შედეგად ხმას აძლევენ არასასურველ კანდიდატს.  ასევე, ამომრჩევლები არათუ ხმის მიცემისგან იკავებენ თავს, არამედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდის მაგალითზე ჩანს, რომ ითხოვენ საარჩევნო სიებიდან საკუთარი კანდიდატურების ამოღებას.

კვლევის დროს დასახელდა შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნებზე ე.წ. უბნის ავტორიტეტების მიერ შექმნილმა დაძაბულობამ და საარჩევნო გარემომ, აიძულა ოპოზიციური განწყობის ამომრჩეველი საარჩევნო უბნიდან უკან გაბრუნებულიყო და უარი ეთქვა მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებაზე. როგორც ირკვევა, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მოტივაცია და მათი სუბკულტურული სტატუსი განსხვავებულია. რეგიონებში საუბარია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებზეც“, რომლებიც ე.წ. „პრაგონით“ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ადგილებზე ქალაქების, თუ უბნის მაყურებლები, ასევე ყველა ის დაჯგუფება, რომელიც ამ სუბკულტურას მიაკუთვნებს თავს ან მის მიმართ პატივისცემით არის განმსჭვალული, არჩევნებში უნდა დაეხმაროს სახელისუფლებო კანდიდატს.

რიგ შემთხვევებში ე.წ. უბნის ავტორიტეტები ამომრჩეველს (განსაკუთრებით მათ, ვინც ამ ჯგუფების მიმართ მეტ-ნაკლები სიმპატიით არის განწყობილი) ახსენებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს ისინი ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შესაძლოა ხელისუფლების მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში, კვლავ ის დრო დაბრუნდეს. რიგ შემთხვევებში, ისინი ხელისუფლების მხარდაჭერისთვის აქტიურობენ საკუთარი ან მათი მეგობრის, ოჯახის წევრის თავისუფლების სანაცვლოდ, გარკვეული პრივილეგიის მისაღებად (გარკვეული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და სხვა), ასევე, ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ ასრულებენ სუბკულტურულ იერარქიაში ზემდგომი პირების მითითებებს.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირებას, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებით, ისე კვლევაში მონაწილე რესპოდენტების განცხადებებით დასტურდება, რომ თითქმის ყველა ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს ან ამასთან დაკავშირებით გააკეთეს საჯარო განცხადებები. ასევე, მათი გადმოცემით, იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელები თავად შეესწრნენ ე.წ. კრიმინალური ჯგუფების თუ უბნის ავტორიტეტების მხრიდან მოქალაქეებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს, თუმცა, ზოგჯერ გამოგონილი ფორმალური მიზეზით (განცხადების დაწერის აუცილებლობა, ხელმძღვანელის მითითება და სხვა) არ ახდენდნენ რეაგირებას აღნიშნულ ფაქტებზე. ისევე როგორც 2020 წლის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, 2021 წლის არჩევნების წინ მომხდარი ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი გაშუქდა მედიის საშუალებით, ნაწილი კი დაზარალებულების ფეისბუქ ლაივებით, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში გამოძიება აღნიშნულით არ დაინტერესებულა ან/და მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვით შემოიფარგლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ხელს უშლის ამომრჩევლის ნების გამოვლენას და შესაძლებელია  მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. იმ პირობებში კი, როდესაც კონკურენცია საკმაოდ მაღალია და წინასწარი გამოკითხვებით ბევრ უბანსა თუ რაიონში მეორე ტურია მოსალოდნელი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის  ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენის უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

სამართლებრივი გზების არაეფექტიანობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ყველა უკანონო ქმედების, ჩარევისა თუ ზეწოლის მაქსიმალურად დოკუმენტირება, გასაჯაროება, თითოეული მოძალადის ვინაობისა და მოტივაციის დადგენა. აღნიშნული მიზნით მნიშვნელოვანია პარტიებს შორის აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და დამკვირვებლების ცნობიერების ამაღლება შესაძლო ზეწოლის შემთხვევებსა და მათზე რეაგირების გზებზე,  ასევე, ასეთი ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით საზოგადოების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების მყისიერი ინფორმირება.  მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობის ფონზე, საარჩევნო სუბიექტებზე ძალადობის, ზეწოლისა და მუქარის ფაქტების საჯაროობა, ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია ასეთი შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით.

###

საკონტაქტო პირები პრესისთვის:

  • ანტონ (ტატო) ქელბაქიანი – კვლევის თანაავტორი

ელ.ფოსტა –

 

  • ნათია იმნაძე – კვლევის თანაავტორი

ელ.ფოსტა –

 

პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებლების არიან ავტორები და გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს „ღია საზოგადოების ფონდის“ პოზიციას.