კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური სისტემის მართვაზე

10 სექ, 2020

კვლევა ასახავს პერიოდს 2013 წლიდან 2019 წლამდე

ღია საზოგადოების ფონდის  და ევროკავშირის დაფინანსებით „ინიციატივამ მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) და “ციხის საერთაშორისო რეფორმამ” კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც ეხება კრიმინალური სუბკულტურის გავლენას პენიტენციური დაწესებულების მართვაზე.

კვლევის შედეგები აერთიანებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს. ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა განხორციელდა თვისებრივი კვლევის, კერძოდ ყოფილ თანამშრომლებთან, ყოფილ პატიმრებთან და ექსპერტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუების და არსებული კვლევების/ანგარიშების ანალიზის გზით. საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა განხორციელდა სამაგიდე კვლევის პრინციპით.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ პატიმრების დაყოფა გავლენის ჯგუფების მიხედვით მნიშვნელოვანი გამოწვევაა თითქმის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ერთეული გამონაკლისის გარდა.

თითქმის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შეინიშნება პატიმრების დაყოფა გავლენის ჯგუფების მიხედვით, რომელთა სათავეშიც იმყოფებიან ე.წ „მაყურებლები“, „პალაჟენცები“. ისინი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ დაწესებულების ფუნქციონირების სხვადასხვა სეგმენტზე (წესრიგი და უსაფრთხოება; პატიმართა მიღება-განთავსება; გასაჩივრების პროცედურები; სარეაბილიტაციო პროცესი, კონფლიქტების მოგვარება და ა.შ)

„კვლევის შედეგები საკმაოდ დრამატულია და გვიჩვენებს, რომ 2012 წლამდე თუ ადგილი ჰქონდა პატიმრების უფლებების შელახვას ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, 2013 წლის შემდეგ მომძლავრდა კრიმინალური სუბკულტურა, რომელთანაც დღეს მდუმარედ თანამშრომლობს ციხის ადმინისტრაცია და სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს პატიმრების გადანაწილების, ჯანდაცვაზე, განათლებაზე ხელმისაწვდომობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. საჭიროა სისტემის რეფორმა, რომელიც დაიცავს ბალანსს პატიმრების უფლებებსა და პენიტენციური დაწესებულებების წესებს შორის“ ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდი.

გამოიკვეთა, რომ კვლევის პერიოდში, ავტორიტეტულ პატიმრებს ჰქონდათ სხვა პატიმრებისგან განსხვავებული, პრივილეგირებული საცხოვრებელი პირობები, როგორც საკნის მოწყობის, ისე უფლებრივი მდგომარეობის კუთხით. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ პატიმრებს შორის აშკარად უთანასწორო ურთიერთობაა, სადაც პატიმრების უმეტესობა იძულებულია დაემორჩილოს გავლენის მქონე ჯგუფებს და მათ მიერ განსაზღვრულ წესებს, მათ ფაქტობრივად არ აქვთ დომინანტი ჯგუფის გადაწყვეტილებების გაპროტესტებისა და მათ მიერ დადგენილ არაფორმალურ რეგულაციებზე  უარის თქმის შესაძლებლობა.

პატიმრების ნაწილისთვის სუბკულტურაში არსებული მაღალი იერარქიისკენ სწრაფვის მთავარ მოტივაციას, წარმოადგენს პრივილეგიებისა და შეღავათების მოპოვების სურვილი, ხოლო მეორე ნაწილისთვის კი უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტიის მიღება. პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული კრიმინალური სუბკულტურა წარმოადგენს პატიმრებს შორის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკომონიკური ძალადობის წყაროს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეკონომიკური ძალადობის პრობლემა, რაც ძირითადად გამოიხატება ე.წ „საერთოს“ შეგროვების პროცესში პატიმრების იძულებით მონაწილეობაში. რესპონდენტთა ნაწილის მხრიდან გაკეთდა მინიშნებები  აღნიშნულ  პროცესში თანამშრომელთა შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

კვლევამ ცხადყო, რომ გავლენის მქონე პატიმრები ვერ იარსებებენ ციხის ადმინისტრაციის მდუმარე თანხმობის, ან უფრო მეტიც, მათი ხელშეწყობის გარეშე. თანამშრომლები პატიმრებთან ერთად ქმნიან ინსტიტუციურ კულტურას და ამით პირდაპირ ახალისებენ კრიმინალური სუბკულტურის არსებობას პენიტენციურ დაწესებულებებში. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე თანამშრომელთა მძიმე სამუშაო პირობები და მათი სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა; დაწესებულებებში არსებული ადამიანური რესურსების დეფიციტი; ინფრასტრუქტურული პრობლემები; რისკების შეფასების გაუთვალისწინებლობა პატიმართა განთავსებისას და ა.შ. ეს ფაქტორები  ხელს უწყობს კრიმინალური სუბკულტურის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას პენიტენციურ დაწესებულებებში.

კვლევამ ასევე გამოკვეთა, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევები არ არის დამახასიათებელი ყველა დაწესებულებისთვის და ამ კუთხით არსებობს ერთეული გამონაკლისებიც (მაგ.#16 პენიტენციური დაწესებულება).

 კვლევის მიგნებების საფუძველზე, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ეხება სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს, როგორც პრაქტიკულ, ისე საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე.

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის ამბობს, რომ  “მნიშვნელოვანია, რომ ბევრი და ბევრი გაკეთდეს ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ განახორციელონ დამატებითი ვიზიტები და მაღალი დონის შეხვედრები. მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად მოვახდინოთ ამ თემის აქტუალიზება და ასევე მნიშვნელოვანია, ამ კუთხით შესაბამისი სახსრების გამოყოფაც. ყველაზე კეთილი და მონდომებული ადამიანიც რომ გახდეს პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელი დღეს, ის ვერაფერს შეცვლის. ამას სჭირდება ფინანსება. ეს უნდა გახდეს პოლიტიკის საგანი, ამას უნდა მოჰყვეს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ციხეში კრიმინალური სუბკულტურა შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გახდება პრობლემა პენიტენციური დაწესებულების მიღმაც და გავრცელდება ციხის გარეთაც, პატიმრების მხრიდან ციხის დატოვების შემდეგ“.

კვლევა ჩატარდა „ღია საზოგადოების ფონდის“ პროექტის – „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე“ და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – ,,ხელისუფლების ვალდებულებების მონიტორინგი და რეფორმების ხელშეწყობა პენიტენციურ და პრობაციის სფეროში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“  ფარგლებში.

ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევა სისტემურ წამებას ეხებოდა. დღევანდელი კვლევა კი პატიმრების გავლენას ასახავს.

ნახეთ კვლევის სრული ვერსია.

მედია ამ თემაზე:





ნეტგაზეთი.ჯი – “მაყურებლების” გავლენა ციხეებში და ადმინისტრაციის როლი – კვლევა;

ონ.ჯი – ე.წ. მაყურებლები, “პალაჟენცები”, უთანასწორო ურთიერთობა — რა წერია ციხეების შესახებ კვლევაში.