მედიაპროექტი 14 რეგიონულ ტელეარხთან ერთად Covid-19-ის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის

16 აპრ, 2020

COVID 19-ის შესახებ რეგიონის მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, „ღია საზოგადოების ფონდი“ იწყებს მასშტაბურ პროექტს საქართველოში მაუწყებელ 14 რეგიონულ ტელეარხთან და ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად.    15 აპრილიდან თითოეული არხზე ეთერში გაუშვებს ყოველდღიურ სპეცგადაცემას (30-40 წთ.), რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას პანდემიის შესახებ და მოწვეულ სტუმრებთან ერთად  გაანალიზებს მიმდინარე ამბებს COVID 19-ის ჭრილში.

ეს კარგი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ რეგიონის მოსახლეობა სოციალური დისტანცირების აუცილებლობაში. გარდა ამისა, ეს გადაცემები მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას დასვან მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო კითხვები და მიიღონ პასუხები არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან, ექიმებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისგან,  მასწავლებლებისა თუ სამართალდამცავებისგან.

საქართველოს რეგიონებში ათეულობით წლებია მაუწყებლობენ მცირე ტელეარხები., რომელთაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ თბილისში მოქმედ ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან (JRC). მათი თანამშრომლობით შექმნილი პროდუქტი გავრცელდება თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით.