მხარდაჭერა რიონის ხეობის მოსახლეობას

1 მარ, 2021

ფოტო: EMC

28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, მშვიდობიანი პროტესტი გამართეს.

ადგილობრივ თემს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა შეუერთდა. ბოლო წლების განმავლობაში, სოლიდარობის  ამგვარი თვითორგანიზებული მრავალრიცხოვანი აქცია ხშირად არ გვინახავს.

ენერგოდამოუკიდებლობის მოტივით, ჰესის მშენებლობა მდინარე რიონის ხეობაში, სოფელ ტვიშსა და სოფელ ჟონეთს შორის არის დაგეგმილი.

ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ  არსებითად არ არის შესწავლილი არსებული პროექტის გეოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებანი, ბუნდოვანია პროექტის  ეკონომიკური და სოციალური დასაბუთებაც.  აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2020 წლის თებერვალში გაცემული დადებითი გარემოსდაცვითი შეფასება, ამავე წლის სექტემბრის თვეში შეიცვალა, რითაც კომპანიას ჩამოერთვა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების სამართლებრივი ნებართვა. მიუხედავად ამისა, კომპანია ამ დრომდე უკანონოდ ახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს.

ჰესის მოსალოდნელი მძიმე შედეგები, რიონის ხეობის ეკოლოგიასა და გეოლოგიურ მდგრადობაზე, არა ერთი ექსპერტული ორგანიზაციის შეშფოთების საგანი გახდა.  პრობლემურია აღნიშნულ ტერიტორიაზე უნიკალური ვაზის ჯიშების დაცვისა და შენარჩუნების საკითხის შეუსწავლელობაც.

ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივი პროტესტისა და მშენებლობის ადგილას უწყვეტი, სადღეღამისო მორიგეობის მიუხედავად, სახელმწიფო არ მართავს პროექტის ეფექტურ, საჯარო განხილვებს, საზოგადოებას არ აწვდის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ჰესის გავლენების შესწავლის შემთხვევაში, მისი უსაფრთხოების გარანტიებზე: რაც კიდევ მეტად აღრმავებს ეჭვებს, რომ ჰესის გავლენების შესახებ არსებითი ინფორმაცია არ არის სრულად გამოკვლეული;

პრობლემურია სახელმწიფოს მხრიდან ჰესის მშენებლობის სასარგებლოდ სისტემატურად გაჟღერებული ერთადერთი, ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტიც. ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ მზარდი ენერგომოხმარების პირობებში, ნამახვანი ჰესი ვერ დაფარავს საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს სრულად, ამასთან, ჰესის მაშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, მოკლე პერიოდის შემდგომ, ათავისუფლებს ინვესტორს, ელექტრო ენერგიით საქართველოს მომარაგების ექსკლუზიური ვალდებულებისაგან.

მიუხედავად დევნისა და შევიწროვების არაერთი ფაქტისა:  ადგილობრივი მოსახლეობის უტეხი,  და მართალი პროტესტი, დღის წესრიგში აყენებს  საზოგადოების პროტესტის მიზეზს-რეალური პოლიტიკის საკითხს- გარემოს დაცვასა და საზოგადოების აუცილებელ ჩართულობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლის პროორიტეტული ხაზიც უნდა გახდეს.

მხადაჭერას ვუცხადებთ რიონის ხეობის მოსახლეობას.

ფოტო: პუბლიკა