მოძრაობა "შინ ევროპისკენ" განცხადება მის წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით

30 ივნ, 2022

მოძრაობა “შინ ევროპისკენ” განცხადებას ავრცელებს, რეგიონებში მიმდინარე შეხვედრების ჩაშლისა და მომხსენებლებზე თავდასხმებთან დაკავშირებით. უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.

“მმართველი პარტიის მხარდამჭერები მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებს შეხვედრებში ხელს უშლიან.

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს მოძრაობის წევრებსა  და მხარდამჭერებზე თავდასხმისა და ძალადობრივი ფაქტები გამო. უდავოა, ეს პროცესი მართულია და მისი მიზანი, რეგიონებში მოსახლეობასთან მიმდინარე საინფორმაციო შეხვედრების ჩაშლაა.

3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოძრაობის წევრები  მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყნის მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ. ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა, ამ შემადგენლობით, შეასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას. ამიტომ, ვითხოვთ ეს მისია იკისროს „ეროვნული თანხმობის მთავრობამ – ევროკავშირისთვის“.

თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, ასევე თბილისში სტუდენტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა სცადეს აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა. რიგ შემთხვევებში,  ეს ადამიანები ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების უფლების ხელყოფა.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები, რაც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.

მოძრაობა “შინ ევროპისკენ”  მხოლოდ და მხოლოდ შეკრების მშვიდობიანი ფორმების ერთგულია. მოვუწოდებთ, სამართალდამცავებს, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და პროვოკაციები ადგილზევე აღკვეთონ.

მსგავსი წინააღმდეგობა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს და გვარწმუნებს, რომ სწორ საქმეს ვემსახურებით, რომელსაც თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გავაგრძელებთ.”