მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას

20 ივნ, 2020

21 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხი უნდა განიხილოს. 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგია, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანეს მხარეებს შორის შეხვედრების ფასილიტატორმა საერთაშორისო პარტნიორებმა.

შეთანხმებული ვერსია არ არის იდეალური, ვინაიდან არ ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიუხედავად ამისა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის შერეული სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია მნიშვნელოვნად ზრდის რა პროპორციული საარჩევნო სისტემით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობას დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებით. ე.წ. 120/30 მოდელი საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ხმების უფრო სამართლიანად და პროპორციულად ასახვის შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას.

საარჩევნო სისტემის ცვლილება არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესი, ის ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, იცხოვრონ უფრო დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანაში. სამართლიანი საარჩევნო სისტემა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვისა და რეფორმების განხორციელების გზაზე არა ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გასული წლის ნოემბრის თვეში მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებამ ერთხელ უკვე შეიყვანა ჩიხში პოლიტიკური პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მაინც, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ყველა ზომა მიიღოს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების მიღება რისკის წინაშე არ დადგეს.

მიუხედავად იმისა, რომ გვესმის და ვიზიარებთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის წუხილს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო, მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

უფლებები საქართველო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის