მრგვალი მაგიდა 26 მაისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის თემაზე

1 ივნ, 2011

სამშაბათს, 31 მაისს კოალიციის ,,მედიის ადვოკატირებისათვის” ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე დიპლომატები, უფლებადამცველი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, სახალხო დამცველის და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის გაშუქებისას ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აქციის დარბევისას დაზარალებული ჟურნალისტებიც. სტუდია “მონიტორმა” და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ” 20 წუთიანი ფილმი აჩვენეს, რომელშიც დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტები საკუთარ ისტორიებს იხსენებენ.
“ჟურნალისტებს არ მიეცათ პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება და მიადგათ ფიზიკური, მორალური, მატერიალური ზიანი. 27 მაისს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ მოგვესმინა დაზარალებულების ისტორიები. მონათხრობი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ სასწრაფოდ გადაწყდა ფილმის გადაღება. ფილმი დასრულებული არ არის. დროის სიმცირის გამო ფილმში ვერ მოვახერხეთ ყველა დაზარალებული ჟურნალისტის გადაღება, თუმცა ნამდვილად გვიჩვენებს ტრაგიკული ღამის სურათს”- ნინო ზურიაშვილი, სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტი.

შეხვედრის უმთავრესი მიზანი ჟურნალისტებისათვის სოლიდარობის გამოხატვა იყო. “ეს არის სოლიდარობის აქცია ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ. მივმართავთ შსს-ს, რომ გამოიძიოს მომხდარი. გვსურს გავიგოთ კონკრეტულად ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას. გამოვიკვლიოთ ვინ გასცა ბრძანება. გვინდა მივაღწიოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჟურნალისტებმა შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება და არ დაზარალდნენ ამის გამო”- ნინო დანელია.

შეხვედრის მეორე მიზანი იყო მოვლენებისა და ფაქტების სამართლებრივი შეფასება და მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოიძიება და ანაზღაურდეს მატერიალური ზარალი. ასევე, ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ შსს-ს ყველა თანამშრომელს მიენიჭოს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. სამოქალაქო საზოგადოების სახელით მომზადებულ ამ წერილობით მიმართვას შეხვედრის მონაწილეებმაც მოაწერეს ხელი.

კოალიციის კოორდინატორის თამარ კორძაიას შეფასებით, მოპოვებული მასალები ცხადყოფს, რომ განხორციელებული ქმედებები შეიძლება განხილულ იქნას სისხლის სამართლის დანაშაულად.

“შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, თუმცა გამოძიებისა და სამართლის აღსრულების პროცესში შესაძლოა დაბრკოლებები წარმოშვას იმ გარემოებამ, რომ არ არსებობს იმ პირების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ვინც ასე სასტიკად უსწორდებოდა ჟურნალისტებს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული საჯარო მოხელე სახელით და გვარით თუ არა, რაიმე ნიშნით იყოს იდენტიფიცირებული. დაზარალებულების მხრიდან ნომრის დამახსოვრების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გამოძიების წარმოება. ეს ის მინიმალური მოთხოვნაა, რაც შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნდეს სახელმწიფოს წინაშე.”- ამბობს თამარ კორძაია.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” 26 მაისი მოვლენებს იმავე დღეს გამოეხმაურა და 26 მაისის ღამეს მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ქმედებები დაგმო. “კოალიციისთვის მიუღებელია 26 მაისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებისათვის ვიდეოკამერების წართმევა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, ჟურნალისტის საქმიანობისთვის განზრახ ხელის შეშლა. მიგვაჩნია, რომ სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ზეწოლის ყოველი ფაქტი, რათა კანონით დადგენილი წესით პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვინც ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის გამო დევნიდა. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, რომელიც მიმართულია ჟურნალისტების წინააღმდეგ.”- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ ფილმი.

მიმართვა:

ნახეთ, როგორ აშუქებს მედია შეხვედრას.