მსჯელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად

17 აპრ, 2019

16 აპრილს, ღია საზოგადოების ფონდში სამოქალაქო საზოგადოება, ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტები და ჯანდაცვის ახლადდანიშნული მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა მიეძღვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების მიმოხილვას, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი და გაიზარდოს ხელმისაწვდომობა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებზე, პრიორიტეტული მიმართულებებსა და დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროებაზე განსაკუთრებით საყურადღებო სფეროებისთვის.

„შეხვედრის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა. ბოლო წლების მანძილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ ეს გაზრდილი ბიუჯეტი მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც საჭიროა დანიშნულებისამებრ და ეფექტურად მოხდეს მისი ხარჯვა.“ – ირმა ხაბაზი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა გავიაროთ ის საკითხები, თუ როგორ მიდის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარება ქვეყანაში. რა გაკეთდა ამ დრომდე, სად ვართ ამჟამად და რა მიმართულებით უნდა გაგრძლედეს უახლოეს მომავალში განვითარება“. – ეკა ჭყონია საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტი.

„ჩვენ გვსურს მინიმუმადე შემცირდეს და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში იქნეს გამოყენებული ის ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, მომსახურების ხარისხი იყოს ოპტიმალური და მაქსიმალურად მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან.” – მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

ღია საზოგადოების ფონდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა აქტიურად მონაწილეობდა ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში და დიდი ზომის დაწესებულებების სანაცვლოდ, ალტერნატიული ფსიქიკური მომსახურების დანერგვას შეუწყო ხელი. რამდენიმე წელია ფონდი აქტიურად მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისების განვითარებასა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების ინტეგრაციაზე საზოგადოებაში.