მუსიკა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

2 ნოე, 2018

2 ნოემბერს, ნიუ-იორკში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა, რომელსაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები და ამერიკელები ესწრებოდნენ.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა, მათ შორის ნიკოლას ნამორაძემ და მათმა მეგობრებმა. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. გამოიფინა და გაიყიდა მხატვარ ეთერი ჭკადუას ნახატებით დაპრინტული ნივთები, ასევე დიზაინერ ლაკო ბუკიას მიერ დამზადებული ნივთები.

სათემო ფსიქიატრიული მომსახურების მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობა და რეაბილიტაცია ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე. ეს მოდელი საქართველოში 2013 წელს ამერიკული ორგანიზაციის “ადამიანები ეხმარებიან ადამიანებს” და ქართველი ემიგრანტი ფსიქიატრების მონდომებით და ღია საზოგადოების მხარდაჭერით დაინერგა. ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, სოციალური აგენტის და სხვა შესაბამისი წევრებისგან შემდგარი გუნდი კომპლექსურად, ბინაზე ემსახურება პაციენტებს, რომელთაც ბინაზე მომსახურების დაწყებამდე, სულ მცირე სამჯერ უხდებოდათ ჰოსპიტალიზაცია ფსიქიატრიულ კლინიკაში.