მუსლიმი თემის წინაშე არსებული გამოწვევები - სამუშაო შეხვედრა

25 მაი, 2017

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მუსლიმი თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე შეხვედრა გამართა. ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს აჭარიდან და ადიგენიდან შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პოზიციები და გამოწვევები, რის წინაშეც დგანან, უშუალოდ წარმოედგინათ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, სახალხო დამცველის აპარატისა და რელიგიის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრას მხარდაჭერა აღმოუჩინა ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო”. ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება მუსლიმმა თემმა მტკივნეულად აღიქვა და ისინი სისტემური დისკრიმინაციის და მარგინალიზაციის გამოვლენად განიხილა.

საქმე ეხება ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს უარი ეთქვა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე; და ასევე მთავრობამ დაასრულა მოხეში მდებარე ისტორიულ საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებული დავა და შენობის რესტიტუციის საკითხის გადაწყვეტის ნაცვლად, ადგილობრივ მუსლიმებს ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი გადასცა სალოცავად. მუსლიმი თემი აცხადებს, რომ ეს ორი გადაწყვეტილება მათ მიმართ უფლების დარღვევისა და დისკრიმინაციის ვარაუდს აჩენს. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფისა და მოხის ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად ამ პრობლემებზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა იმსჯელეს.

EMC-ის სპეციალისტებმა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული მუსლიმი თემის უფლების დარღვევის ამ კონკრეტულ ფაქტებზე სასამართლოებში მიმდინარე საქმეებში, მოწვეულ სტუმრებს საკუთარი შეფასებები გაუზიარეს.