ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელთა მდგომარეობა 1 წლის შემდეგ

1 ივნ, 2022

მთავარი ფოტო: ანა ჯიბლაძე, რადიო თავისუფლება

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს,  კოალიცია “თანასწორობისათვის” წევრმა ორგანიზაციებმა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენიდან და ბავშვების ნაწილის გამოყვანიდან 1 წლის შემდეგ არსებული ვითარება შეაჯამეს. ღია საზოგადოების ფონდის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კავშირმა “საფარმა”, პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისათვის და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოძიების სტატუსსა და გამოყვანილი ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელების საქმის გამოძიება:

  • არ მიმდინარეობს რელევანტური სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციით;
  • ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაგვიანებით;
  • პანსიონის აღსაზრდელები კვლავაც არ არიან დაზარალებულად ცნობილი;
  • ადვოკატებს არ გადასცემიათ სისხლის სამართლის საქმის მასალები.

ორგანიზაციების შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ ნინოწმინდის პანსიონის კრიზისის შემდეგ სახელმწიფომ არ დაიწყო რელიგიური პანსიონების დეინსტიტუციონალიზების რეფორმა. ორგანიზაციების ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში, ისევე როგორც ძალადობის პრაქტიკის მქონე სხვა რელიგიურ პანსიონებში, ისევ რჩებიან აღსაზრდელები.

ორგანიზაციები პასუხისმგებელი უწყებებისგან მოითხოვენ, ერთი მხრივ, საქმის დროულ და ეფექტიან გამოძიებას, აღსაზრდელების დაზარალებულად ცნობას, საქმის კვალიფიკაციის შეცვლას, მეორე მხრივ კი ყოფილი აღსაზრდელების ფსიქოლოგიურ და სოციალურ მხარდაჭერას, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.