ონლაინ რესურსების პრეზენტაცია მშრომელთა უფლებებისთვის

8 დეკ, 2020

პრესრელიზი. 8 დეკემბერი, 2020

Ოთხშაბათს 9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა კვირეულის  ფარგლებში გაიმართება „ღირსეული შრომის პლატფორმის“ ონლაინ პრეზენტაცია, რომელიც პლატფორმის იდეის და მიზნების წარდგენის პარალელურად გაგვაცნობს მშრომელთა უფლებების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ორ ინოვაციურ ონლაინ რესურსს: „ მოპარული ხელფასის გამომთვლელს“ და „შრომის უსაფრთხოების მონიტორს.“

ღონისძიებას გახსნიან პლატფორმის მხარდამჭერი და წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ქ-ნი ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი და ბ-ნი მაინა კიაი საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ახალი ალიანსებისა და პარტნიორობის ინიციატივის ხელმძღვანელი და გაეროს პირველი სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში (2011-2017 წწ.),.  მაინა კიაი სხვა განვითარებად ქვეყნებში სოციალური სამართლიანობისა და ღირსეული შრომის საკითხებზე მსგავსი გაერთიანებების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს. ახალ ონლაინ პროდუქტებს “მოპარული ხელფასის გამომთვლელს“ და „შრომის უსაფრთხოების მონიტორს“ წარმოადგენენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციის სოლიდარობის ქსელის ხელმძღვანელი სოფო ჯაფარიძე და Human Rights Watch წარმომადგენელი ჯეფ ვიზე.

Covid-19 პანდემიის პერიოდში შრომითი უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ კვლევის მიგნებებს წარმოადგენს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი გიორგი ცინცაძე.

მოპარული ხელფასის გამომთვლელის შექმნის საჭიროება საქართველოში დასაქმებულთათვის კუთვნილი ანაზღაურების „მოპარვის“ გავრცელებულმა პრაქტიკამ განაპირობა. ხელფასის „მოპარვა“ გულისხმობს აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ შრომას, შრომას არასამუშაო საათებში, ხელფასის უკანონო დაქვითვას, გადაუხდელ ფეხის ქირას (ეგრეთწოდებული „ჩაი“, „თიფსი“) და მშრომელთათვის კუთვნილი შრომის ანაზღაურების დასაქმებულის მიერ სხვა სახით უკანონო მითვისებას.

მოპარული ხელფასის გამომთვლელი დაეხმარება დასაქმებულ ადამიანს დაადგინოს, თუ რამდენად არის “მოპარული ხელფასის” მსხვერპლი და დაახლოებით გამოითვალოს ის თანხა, რომელიც დამსაქმებელმა მისი კუთვნილი ანაზღაურებიდან მიითვისა.

Საქართველოში მოპარული ხელფასის ზუსტი მასშტატები უცნობია, თუმცა ქვეყანაში სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში დასაქმებულ პირთა მძიმე გამოცდილება (აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა ხშირ შემთხვევაში კვირაში 50-70 საათიანი მუშაობის მიუხედავად, ხელფასის უკანონო დაქვითვა გაფუჭებული ან/და დაკარგული პროდუქციის გამო ინდივიდუალური ბრალეულობის გარეშე, გათავისუფლებამდე კუთვნილი ხელფასის აუნაზღაურებლობა და ა.შ) გარკვეულ წარმოდგენას ქმნის “მოპარული ხელფასის” პრაქტიკის ფართომასშტაბიანობაზე.

Მაგალითად, აშშ-ს შეთხვევაში,  ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის (EPI) 2017 წლის კვლევით დადგინდა, რომ მხოლოდ 10 შტატში დასაქმებულები წელიწადში ჯამურად 8 მილიარდ დოლარს კარგავდნენ სწორედ ე.წ. “მოპარული ხელფასის” გამო.

მშრომელთა უფლებებთან დაკავშირებული მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევაა შრომის უსაფრთხოება. საქართველოში სამუშაო ადგილზე Ყოველწლიურად ათობით დასაქმებული იღუპება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებს. „Შრომის უსაფრთხოების მონიტორი“ არის ონლაინ ბაზა, რომელიც ერთ სივრცეში აგროვებს საქართველოს შრომის ინსპექციის მიერ ორგანიზაციების შემოწმების ანგარიშებს და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, თვალი ადევნონ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული შრომის უსაფრთხოების  ინსპექტირებებს. Მონიტორის გამოყენებით დასაქმებულებს შეუძლიათ გადაამოწმონ შრომის ინსპექციის მიერ მათ სამუშაო ადგილზე გამოვლენილი დარღვევები და რამდენად იქნა, ესა თუ ის დარღვევა გამოსწორებული.

Იმის მიუხედავად, რომ შრომის ინსპექციის მიერ სამუშაო ადგილზე ჩატარებული ინსპექტირების ანგარიში საჯარო დოკუმენტს წარმოადგენს, არ არსებობდა ამ დოკუმენტების ონლაინ ბაზა, რომელზე წვდომაც დაინტერესებულ პირებს მარტივად, ელექტრონულად ექნებოდათ. Მონიტორის საინფორმაციო ბაზა მოიცავს შრომის ინსპექტირების ანგარიშებს მხოლოდ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, 2019 წლის სექტემბრიდან.

პლატფორმის შესახებ

„Ღირსეული შრომის პლატფორმა“ წარმოადგენს ახლად დაფუძნებულ არაფორმალურ ერთობას,  რომელიც საქართველოში სოციალური სამართლიანობისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნის იდეის გარშემო აერთიანებს დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებსა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს. საქმიანობის ძირითადი ფოკუსია: ძლიერი და ეფექტური შრომის ინსპექცია, ღირსეული მინიმალური ხელფასი და ძლიერი, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები არიან:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • Human Rights Watch
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“
  • ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ფეისბუქის ღონისძიების სანახავად გადადის ამ გვერდზე: