კონსტიტუციის 42-ე მუხლი

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაციის წევრები არიან პროფესიონალი ადვოკატები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფენ ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ მის უმთავრეს ამოცანად რჩება. ამასთან, ამ ამოცანის მისაღწევად, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების გარდა სწავლებას, კვლევასა და ანალიზს გამოიყენებს. უფრო ინტენსიურს გახდის მის მონაწილეობას სამართალშემოქმედებით პროცესებში, რამაც ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენცია და უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება უნდა უზრუნველყოს.