წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

2000 წლის 1 ოქტომბერს, დანიაში, კოპენჰაგენში არსებული წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის (IRCT) მხარდაჭერით, საქართველოში დაარსდა ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარ თავზე უნდა აეღო სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლ, ღრმად ტრავმირებულ ადამიანებზე ზრუნვა.

„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო  რეაბილიტაციის ცენტრი“ მულტიდისციპლინური გუნდითაა დაკომპლექტებული. ცენტრში მუშაობენ ზოგადი პროფილის ექიმები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები,  ფსიქიატრები, ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტები,  იურისტები. თითოეული მათგანის როლი გუნდის მუშაობაში უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ მათი დახმარებით არის შესაძლებელი ადამიანებისთვის კომპლექსური დახმარების შეთავაზება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში, განათლების სფეროში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ფსიქოტრავმატოლოგიის ცოდნის შეტანის და ამ ცოდნის ინსტიტუციონალიზაციის გზით, ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული  ფსიქოტრავმატოლოგიის დარგის განვითარებაში.  გარდა ამისა, ორგანიზაცია ეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებს ინოვაციური მიდგომების და სერვისების დანერგვასა და განვითარებაში. ცენტრი  ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხითაც მუშაობს. სწორედ აქტიური უფლებადაცვითი საქმიანობის შედეგად GCRT თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და წევრი გახდა.