პალიატიური მზრუნველობის არსებული სერვისები საქართველოში

20 მაი, 2021

ღია საზოგადოების ფონდი აქვეყნებს კვლევას ზრდასრულთათვის განკუთვნილი პალიატიური სერვისების შესახებ საქართველოში.

კვლევის შედეგების თანახმად, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში პალიატიური მზრუნველობის მომსახურება ესაჭიროებოდა 18900 პაციენტს, მაშინ როცა ეს მომსახურება მხოლოდ 2227 პაციენტმა მიიღო.

2021 წლისთვის საქართველოში ფუნქციონირებს პალიატიური მზრუნველობის 19 დაწესებულება. აქედაინ  სტაციონარული მომსახურება აქვს მხოლოდ 11-ს, სადაც 148 საწოლი ფუნქციონირებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.  პალიატიური მზრუნველობის 108 საწოლი ხელმისაწვდომია თბილისში, დანარჩენი კი რეგიონებში- ქვემო ქართლში, რუსთავში, ქუთაისში, თერჯოლაში და ბათუმში.

თბილისში, ასევე ფუნქციონირებს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული 6 საწოლიანი „ჰოსპისი ფერისცვალება“, რომელიც სტაციონარულ მომსახურებას მხოლოდ ქალებს სთავაზობს, შინ ზრუნვა კი ხელმისაწდვომია მამაკაცებისთვისაც. „ჰოსპისი ფერისცვალება“ ყოველთვიურად, დაახლოებით, 70-75 პაციენტის მომსახურებას ახერხებს.

პალიატიური მზრუნველობის 19 დაწესებულებიდან 18 სახელმწიფოს დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობს. „ჰოსპისი ფერისცვალება“ კი კერძო შემოწირულობებით არსებობს.

სერვისების აღწერის გარდა, კვლევა ეხება სახელმწიფოს წვლილს ზრდასრულთა პალიატიური მზრუნველობის სერვისისთვის გამოყოფილი დაფინანსების და დარგის განვითარების საჭიროებების შესახებ.

კვლევა ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივითა და მხარდაჭერით მომზადდა.