პანდემიის დროს განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები: ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები

29 მარ, 2022

ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ანგარიში წარადგინა, რომელიც სახელმწიფო გამარტივებულ შესყიდვებს და კორუფციის შესაძლო შემთხვევებს აანალიზებს.

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით  1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 ათასამდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა. „კოვიდ 19“-ით გამოწვეულმა ხარჯმა გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებში დაახლოებით 715 მლნ ლარი შეადგინა. 1.7 მლრდ ლარიდან 1.2 მლრდ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით დაიხარჯა.

1.7 მლრდ ლარის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან, „ქართული ოცნების“ და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. 156 მლნ ლარი 210 კომპანიაზე და 11 ფიზიკურ პირზე ნაწილდება.  რომლებმაც 2013-2021 წლებში პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით „ქართულ ოცნებას“ ჯამში 14 მლნ ლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის 5 მლნ ლარამდე პანდემიის დაწყების შემდეგ.

უშუალოდ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარეშე, კერძო კომპანიებთან გაფორმებულ შესყიდვებში,  სახელისუფლო პარტიის შემომწირველების მიერ მიღებული კონტრაქტების წილი 17%-მდე იყო.

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პირდაპირი შესყიდვის გზით 9 მლნ ლარის კონტრაქტები 192-მა ახლად დაფუძნებულმა (6 თვეზე ნაკლები დრო რეგისტრაციიდან) კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 22 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მაგალითად, კომპანია „დი ჯი ელს“ „მოსავლის მართვის კომპანიამ“ დაფუძნებიდან 6 დღეში გაუფორმა 900,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი.

ახალდაფუძნებულ კომპანიებისთვის კონტრაქტების გაფორმებით ძირითადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან. ახალბედა კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში, განსაკუთრებით, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობა კორუფციის რისკებს ზრდის და საქონლის ან მომსახურების ხარისხის მიმართ  კითხვებს აჩენს.

გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა – 486 მლნ ლარი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებებზე დაიხარჯა, რაც ძირითადად „კოვიდ პაციენტების“ მკურნალობას მოიცავს. შემდეგ მოდის სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შეძენა 276 მლნ ლარით. სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად და „კოვიდ სასტუმროებად“ დაქირავებაზე დაახლოებით 152 მლნ ლარი დაიხარჯა.

გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მეტი თანხა – 355 მლნ ლარი სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ“ დახარჯა. აღნიშნული სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებში „კოვიდ პაციენტების“ მკურნალობაზე აფორმებს კონტრაქტებს.

მიმწოდებლებიდან ყველაზე მეტი თანხა სს „ევექსის ჰოსპიტლებმა“ მიიღო – 44 მლნ ლარი. შემდეგ მოდის შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ – 27 მლნ ლარით.

მსხვილი მიმწოდებლები იყვნენ სახელმწიფო სსიპ-ები, შპს-ები და ა(ა)იპ-ებიც. მათ პანდემიის დროს ჯამში 355 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები მიიღეს.

რეკომენდაციები

  • კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ;
  • გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისას, შემსყიდველი ვალდებული უნდა იყოს, დაასაბუთოს და გაასაჯაროოს, თუ რის საფუძველზე შეარჩია მიმწოდებელი;
  • შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ახლად დაფუძნებულ, გამოუცდელ კომპანიებთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების დადებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი, ან ასეთი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივზე უფრო მაღალი სტანდარტით დაასაბუთონ;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის გაცემა მეტად უნდა გამკაცრდეს.
ამ პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა „ღია საზოგადოების ფონდისა“ და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორების  შეხედულებებს.

 

 

 

მედია ამ თემაზე