პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგისთვის დამაზიანებელია

5 ნოე, 2018

2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასევე პრინციპული გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში.

გვსურს შევახსენოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მასშტაბებს. „სახელმწიფო აცხადებს რწ მენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.” აღნიშნული დანაწესი განამტკიცებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სეკულარიზმსა და ურთიერთ საქმეებში ჩაურევლობას. შესაბამისად, კონსტიტუცია მიზნად ისახავს, სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონალურ გამიჯვნას რელიგიური დაწესებულების საქმიანობიდან.

სეკულარიზმის პრინციპისა და საჯარო ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თანამდებობის პირები უნდა მოქმედებდნენ კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების უზენაესობისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების პატივისცემის პრინციპების შესაბამისად. ამდენად, მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავჯდომარე საპატრიარქოსთან შეხვედრისას განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხს და მათთან შეთანხმებით აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, გაჟღერებული ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით, ხოლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში, ერთხელ უკვე განახორციელა ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვის მიზნით, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამ შემთხვევაშიც, სწორედ საარჩევნო კონტექსტში იკვეთება სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებით მანიპულირების მცდელობა.

ხაზგასასმელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების მხრიდან არათანაზომიერი ჩარევისაგან. საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს მნიშვნელოვან დაცვის ბერკეტს ნარკოპოლიტიკის საკითხში.

იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ გაურთულებს საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, იგი დაარღვევს არა მხოლოდ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, არამედ ადამიანის ძირითად უფლებას, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოვა სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების პატივისცემის კონსტიტუციურ პრინციპებთანაც.

მნიშვნელოვანია, კანონმდებელმა საფრთხე არ შეუქმნას საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას, მის მიერ კონსტიტუციური კონტროლის ჯეროვნად, სწრაფად, ეფექტურად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვას. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები და ხელი არ შეუშალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №1/1/618 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი კეკენაძე, ნინო კვეტენაძე და ბესიკი გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.” II-10.

 საქართველო პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” და საქართველოს კანონში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”  ცლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი 2016 წლის 14 მაისს მიიღო.

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.” II-22.