შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში

10 აპრ, 2018
იხილეთ სრული ვერსია

კვლევა ჩაატარა “მოძრაობამ ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით.

კვლევის ანგარიშში მიმოხილულია ქვეყნის კანონმდებლობის ანალიზი და მისი შესაბამისობის დადგენა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის დებულებებთან, კერძოდ, 25-ე და 26-ე მუხლის მოთხოვნებთან. არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად გაიმართა შეხვედრები ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან, დაინტერესებულ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფი შშმ პირებთან, რომლებიც ხშირად სარგებლობენ სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებებით, რათა ზუსტად იდენტიფიცირებული ყოფილიყო ის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის შშმ პირებს ისარგებლონ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტებით. პროექტის გუნდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია შშმ პირთა ჯანდაცვის პოლიტიკისა და სტატისტიკის შესახებ. მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია და შედგა შეხვედრები სხვდასხვა პასუხისმგებელ უწყებებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

საბოლოო ეტაპზე, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შემუშავდა სამი სახის კითხვარი სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგის განსახორციელებლად. პირველი კითხვარი მოიცავს ზოგადი სახის შეკითხვებს შშმ პირთა მიმართ დამოკიდებულების განსაზღვრისა და ცნობიერების შესწავლის მიზნით. ასევე, თუ რამდენად მზად არის კონკრეტული დაწესებულება გაეწია სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირთათვის, ფლობს თუ არა პერსონალი შესაბამის ცოდნასა და უნარებს და რამდენადაა დაცული შშმ პირთა უფლებები მომსახურების მიწოდების პროცესში. მეორე კითხვარი ორიენტირებულია სამედიცინო დაწესებულების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის შეფასებაზე, ხოლო მესამე კითხვარი მოიცავს შშმ ქალთა ჯანდაცვის მომსახურების მისაწვდომობის საკითხებს.

შშმ პირთა მიმართ მოქმედი პოლიტიკის და პროგრამების ანალიზის, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი ბარიერებისა და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, პროექტის გუნდმა შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.