აგვისტოს ნანგრევებში

18 მაი, 2010
იხილეთ სრული ვერსია

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, ანგარიშზე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის  42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი  “21-ე საუკუნე”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი.

ანგარიში ძირითადად დევნილთა მონათხრობს ეფუძნება და შესაძლებლობას იძლევა, მთელ მსოფლიოს და, მათ შორის,  საერთაშორისო სისხლის  სასამართლო გაეცნოს ერთად თავმოყრილი ფაქტებს და დოკუმენტური მასალას საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედების შესახებ.

ანგარიშზე მუშაობისას გაანალიზდა 2008 წლის კონფლიქტის ამსახველი მასალა. არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მომზადებული სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდა 1055 დევნილის ჩვენება, რომელიც დამუშავდა, როგორც სტატისტიკურად, ისე  ფაქტების დაპირისპირების მეთოდოლოგიით.

ანგარიში მხოლოდ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და შიდა ქართლის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს შეეხება და არ ფარავს 2008 წლის აგვისტოს ომის კოდორის ხეობის მოვლენებს.მუშაობისას ხელმიუწვდომელი იყო ოსური მხარის ხელთ არსებული ინფორმაციაც.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული მასალა  საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, თუ რაოდენ ფართომასშტაბიანი და სისტემატური ხასიათის იყო სოფლებზე განხორციელებული იერიში. რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი სახლების, ბაღების, სახნავი მიწების, სკოლების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ისევე როგორც  ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ  სახლების გადაწვა, სოფლების ბულდოზერით მიწასთან  გასწორება  და სხვა,  სწორედ ეთნიკური წმენდის ნათელი მაგალითია. ფაქტები ადასტურებს, რომ დაბომბვები, რომელსაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა,  დისკრიმინაციულ და არაპროპორციულ ხასიათს ატარებდა.

აგვისტოს ნანგრევებში by on Scribd