დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე - არსებული მდგომარეობა და პრობლემიდან გამოსავალი

17 მარ, 2021
იხილეთ სრული ვერსია

კვლევის ანგარიშის ავტორები: მარიამ ხვედელიძე, ანა ტრაპაიძე

წინამდებარე კვლევის ანგარიშის  მომზადების  მიზანს წარმოადგენს ქ.თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნებრივი არეალის, დიღმის ჭალების ეკოლო- გიური მდგომარეობის შესწავლა ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების გათვა- ლისწინებით, ამ პროცესების შედეგად დიღმის ჭალების ბუნებრივი ეკოსისტემისა და გარემოს კომპონენტებისთვის მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების შეფასება და ფართო საზოგადოების ინფორმირება დიღმის ჭალების მნიშვნელობისა და აქ არსებული მძიმე ეკოლოგიური სიტუაციის შესახებ. წინამდებარე ანგარიში მიზნად ასევე ისახავს გახდეს დიღმის ჭალების ეკოლოგიური კრიზისის შესახებ უფრო სიღ- რმისეული და დეტალური კვლევის ჩატარების საფუძველი, რაც თავის მხრივ, უნდა გახდეს წინაპირობა სახელმწიფოს მხრიდან ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის გა- მოსწორების, დეგრადირებული გარემოს აღდგენის და ეკოსისტემისთვის პირვან- დელი სახის დაბრუნებისთვის.

ანგარიშში წარმოდგენილი კვლევა ჩატარდა თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. ის მეტწილად ეფუძნება მეორად ლიტერატურას, მათ შორის, სხვადასხვა კვლევებს, ანგარიშებსა და სახელმწიფო უწყებებისგან მოწოდებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში განხორციელდა საველე გასვლა დიღმის ჭალებში და არსებული სიტუაციის ადგილზე შესწავლა და ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები დარგის სპეციალისტებთან.

კვლევის ჩატარების შედეგად მიღებული ინფორმაცია დამუშავებული, გაანალიზებული და შეჯამებული სახით წარმოდგენილია წინამდებარე ანგარიშში.

დიღმის ჭალები ქ.თბილისში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ,   მდ.მტკვრის მარჯვენა  სანაპიროს  ზედა  ტერასაზე  მდებარეობს. ჭალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული ფართობი 190 ჰექტარია, საიდანაც 67 ჰექტარი დღესდღეობით კერძო საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ნაწილი, 123 ჰექტარამდე. ტერიტორია სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაშია (იხ. ფოტოსურათი 1). არეალის დაახლოებით 64 ჰექტარი ტყით იყო დაფარული მანამ, სანამ 2015 წლიდან ტერიტორიაზე ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად ტყის საფარის დიდი ნაწილი განადგურდებოდა. დიღმის ჭალები ქალაქისთვის უჩვეულო ბუნებრივი ეკოსისტემით გამოირჩევა, რომელიც ძირითადად ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი მცენარეულობით – ვერხვის, მუხის, ტირიფის ხეებით, ბუჩქნარითა და ბალახეულობით არის დაფარული. ჭალებში ასევე ვხვდებით გარეულ ცხოველთა და ფრინველთა სხვადასხვა სახეობებსაც.

აღსანიშნავია, რომ დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორიის ეტაპობრივი ათვისება და ურბანული განვითარება სულ რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 2015 წლიდან დაიწყო და სწორედ ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, როგორც ზემოთ ხსენებული ოლიმპიური სოფლის, ისე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. ტერიტორიის განვითარების კვალდაკვალ გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის მიერ დიღმის ჭალების სარეკრეაციო მიზნით გამოყენების პოტენციალი. ჯერ კიდევ 2015 წელს, თბილისის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ განცხადა, რომ დიღმის ჭალებში დედაქალაქში ყველაზე დიდი პარკის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო, რომელიც ქალაქის მთავარი სარეკრეაციო სივრცის ფუნქციას შეასრულებდა1. 2015 წლიდან დღემდე, 2020 წლამდე, დიღმის ჭალებში სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებული გეგმები კვლავ გეგმებად რჩება, მაგრამ ის ფართობი, რომელიც პირველადი ინფორმაციით დიღმის ჭალების პარკს უნდა დაეფარა, უფროდაუფრო მცირდება. თავდაპირველი მონაცემებით, ჭალებში მოწყობილი პარკი 50 ჰექტარი ფართობის (მტკვარში არსებული ჭალის კუნძულის ჩათვლით) უნდა ყოფილიყო. 2019 წლის იავარში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებით, დიღმის ჭალების პარკის პროექტირება დასრულებული იყო და სამშენებლო სამუშაოები სულ მალე უნდა დაწყებულიყო. პროექტის მიხედვით პარკს მხოლოდ 15 ჰექტარი ფართობის ტერიტორია უნდა დაეფარა.