ფსიქოლოგთა როლი გამოძიების ეტაპზე დაზარალებული და მოწმე ბავშვების დაკითხვისას

20 იან, 2020
იხილეთ სრული ვერსია

საქართველომ 1994 წელს მოახდინა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირება და იმ დღიდან, მას აღებული აქვს კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონვენციის თანახმად ბავშვები არამარტო განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტები არიან, არამედ სრულუფლებიანი სუბიქტები სამართალწარმოების პროცესში, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ჩართულობა და მათი ხმა მკაფიოდ უნდა ისმოდეს. არასრულწლოვანთა მიმართ განსაკუთრებული მიდგომა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვა პირდაპირ აისახება მათ მომავალ განვითარებასა და მათ მიერ საზოგადოებაში
შესაბამისი ადგილის დაკავებაზე.

მართლმსაჯულების პროცესში განსაკუთრებით მოწყვლადები არიან დანაშაულის მოწმე და დანაშაულის შედეგად დაზარალებული ბავშვები, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ისინი შესაძლოა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ, რაც მათთან კონტაქტში მყოფ პირთაგან სპეციფიურ ცოდნასა და განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს. ზემოთ მითითებული ფაქტორებისგათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა აქვს გამოკითხვა/დაკითხვის პროცესში მოწმე/დაზარალებულთა მხარდაჭერას სხვადასხვა პროფესიონალების და განსაკუთრებით ფსიქოლოგების მხრიდან. აღნიშნული კვლევის მიზანია, ზოგადად შეფასდეს მართლმსაჯულების პროცესში მოწმე/დაზარალებული
ბავშვების მხარდამჭერი მექანიზმები საერთაშორისო სტანდარტების დონეზე და სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტი გაკეთდეს დაკითხვა/გამოკითხვის პროცესში ფსიქოლოგის მონაწილეობის საკითხზე. ამ გარემოებების შესწავლის მიზნით, მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ საერთაშორისო სტანდარტები (როგორც სავალდებულო, ისე სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები) და პრაქტიკა, ისევე როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა. მიმოხილვის შედეგად, დოკუმენტში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი, ასევე რეკომენდაციები ადგილობრივი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

ფსიქოლოგთა როლი გამოძიების … by OSGF on Scribd