ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორები სასამართლო სისტემაში

23 სექ, 2022
იხილეთ სრული ვერსია

კვლევაზე პასუხისმგებელი პირი: ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი
კვლევის ავტორი: ნინო წერეთელი
კვლევაზე მუშაობდნენ: თამარ ავალიანი – სამართლებრივი ექსპერტი
სალომე კვირიკაშვილი – მკვლევარი
ყდის ილუსტრაცია: მარიამ სიხარულიძე

საქართველოს სასამართლოს გუშაგმა წარმოადგინა კვლევა: „ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ფაქტორები სასამართლო სისტემაში“. ის ეფუძნება სასამართლოს გუშაგის მიერ ჩატარებულ 30 სიღრმისეული ინტერვიუს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, ექსპერტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. ამასთან, ორგანიზაციამ გაანალიზდა კანონმდებლობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებულმა სასამართლო რეფორმებმა შექმნა პროგრესის ილუზია; ინსტიტუციური და პროცედურული გარანტიები ფასადად იქნა გამოყენებული, რამაც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს სასურველი საკადრო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა მისცა.

კვლევის ფარგლებში მონაწილე რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ:

  • ნეპოტიზმი და კრონიზმი სასამართლოებში სისტემური და მზარდია;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეების შერჩევისას არაფორმალური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. კერძოდ – ამოწმებენ, რამდენად ლოიალური, სანდო, მართვადი და პროგნოზირებადია კანდიდატი;
  • საბჭოს წევრები „საკუთარ წრეში“ ეძებენ მოსამართლეობის მსურველებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ; სისტემა დახურულია გარე კადრებისთვის, რომლებსაც მფარველები არ ჰყავთ („სასამართლოში ქუჩიდან ვერ მოხვდები… რეკომენდატორი გჭირდება“);
  • სასამართლო სისტემაში კარიერული წინსვლა დამოკიდებულია ლოიალურობის დემონსტრირებასა და მფარველის „წონაზე“;
  • არსებული საკადრო პოლიტიკა მოსამართლეთა მცირე ჯგუფს სისტემის მართვის ბერკეტების მონოპოლიზების საშუალებას აძლევს. დამკვიდრებული პრაქტიკა უარყოფითად მოქმედებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, ასევე, ზოგადად, მართლმსაჯულების ხარისხსა და ეფექტიანობაზე.

კვლევა გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.